Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი/აზერბაიჯანი - სისხლისღვრა 55 კილომეტრში საქართველოს საზღვრიდან


აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული კონფლქიტის ახალ კერას საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრი აშორებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდა. შეტაკებებმა მოიტანეს მსხვერპლი და ოფიცრების (მათ შორის გენერალ-მაიორის) დაღუპვით განრისხებული ბაქო შემდგომი შურისძიებით იმუქრება.

რა საფრთხეების წინაშე დადგება საქართველო სამხედრო დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში? სადამდე შეიძლება მოვიდეს დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის? რა როლს თამაშობს რუსეთი და რა არის მისი ინტერესი შექმნილ სიტუაციაში? რა უნდა და რას აპირებს თურქეთი?

რა მოხდა?

"მტრისგან განსხვავებით, ჩვენი ოფიცრები არ იმალებიან ჯარისკაცების ზურგს უკან" – აზერბაიჯანის მედიის თანახმად, ეს სიტყვები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქერიმ ველიევმა წარმოთქვა, როცა ის დაღუპულ ოფიცრებზე ლაპარაკობდა. ბაქოს ცნობით, გენერალ-მაიორი პოლად ჰაშიმოვი და პოლკოვნიკი ილჰარ მირზოევი ბრძოლის “მოწინავე ხაზზე“ 13-14 ივლისის ღამეს დაიღუპნენ.

ამ დროისთვის:

  • აზერბაიჯანი ადასტურებს 11 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირის დაღუპვას;
  • სომხეთი ადასტურებს 4 სამხედრო პირის დაღუპვას;
  • თუმცა ბაქო აცხადებს, რომ სომხეთს 100-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა.

ერევნის ცნობით, 14-15 ივლისის ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა , თუმცა არავინ იცის, რა მოხდება. აზერბაიჯანი შურისძიებით იმუქრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულებისა და დაჭრილების გამო აზერბაიჯანი აუცილებლად იძიებს შურს.

სომხეთთან ომს მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც 14 ივლისს ბაქოში შეიკრიბნენ . „ყარაბაღი ჩვენია“, „დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი“ - მოუწოდებდნენ ისინი ხელისუფლებას.

მანამდეც მრავალჯერ დაღვრილი სისხლისა და 4-წლიანი მყიფე ზავის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს, გვიან ღამით განახლდა, სასაზღვრო ზონაში მომხდარი ინციდენტის შედეგად. პროცესის დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

  • „აზერბაიჯანის სატრანსპორტო საშუალებამ, ჩვენთვის დაუდგენელი მიზეზით, სცადა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა... აზერბაიჯანის სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით სცადეს ჩვენი პოზიციის დაკავება, მაგრამ უკუგდებულ იქნენ და დაკარგეს ჯარისკაცები“- სომხეთის თავდაცვის სამინისტრო;
  • „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით სცადეს დაეკავებინათ ჩვენი პოზიცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე ... ჩვენი დანაყოფების საპასუხო ნაბიჯების შედეგად, მტერი დამარცხდა და დანაკარგებით უკან დაიხია“ - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

ვრცელდება ინფორმაცია პროცესში საარტილერიო ქვემეხების, ნაღმსატყორცნებისა და ტანკების გამოყენების შესახებ. მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ.

შეიარაღებული კონფლიქტის კერა აზერბაიჯანის თოვუზის რაიონისა და სომხეთის ტავუშის ოლქის საზღვარზე მდებარეობს. ეს ადგილი საქართველოს საზღვრიდან სულ 55 კილომეტრით არის დაშორებული.

პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის სამხედრო დაპირისპირება ასე შორს გასცდა მათ შორის სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონს.

საქართველოს საფრთხეები

ზოგადად, ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიან სახეს არ მიიღებს და მით უმეტეს - თურქეთისა და რუსეთის ჩართულობით; მაგრამ გამორიცხული არაფერია.

„იმ ადგილას, სადაც ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გადის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა: ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-ერზრუმის მილსადენი თუ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა...

თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება, ჯერ მარტო ამ ინფრასტრუქტურის დაზიანება დაარტყამს პირდაპირ საქართველოს ინტერესებს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე.

ასევე, მისი თქმით:

  • მკვეთრად დაეცემა მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და მათ შორის - საქართველოს ეკონომიკური ღირებულება - დაფრთხებიან ინვესტორები, დაფრთხებიან ტურისტები;
  • მკვეთრად დაიკლებს საერთაშორისო პროექტების განხორციელების ალბათობა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი ამ რეგიონის მიმართ - „და ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენთვის“.

ასევე არსებობს ლტოლვილების ნაკადთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობა და პირდაპირი რისკები სამხედრო თვალსაზრისითაც.

უკვე წლებია, ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში,რუსეთმა შესაძლოა სომხეთის მომარაგების საბაბით პირდაპირ გაჭრას დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე, სამცხე-ჯავახეთის გავლით.

თუკი რუსეთი ამას მოინდომებს და განხორციელებასაც შეუდგება, ექსპერტის სამხედრო საკითხებში, თემურ ჩაჩანიძის თქმით, ეს ყველაფერი ვერ ჩაივლის სამხედრო დაპირისპირების გარეშე.

„300-400 მანქანით რომ მოადგეს საქართველოს საზღვარს, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეები დადგებიან და უყურებენ მშვიდად?! გამოდის, რომ უნდა შევაკვდეთ ყველა. ეს ომის გამოცხადება იქნება მაშინ“ - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

დახმარების შესაძლებლობებზე ფიქრობენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. „უკვე დამისვეს შეკითხვები მათ შორის სომხეთიდანაც - რას იზამს საქართველო, თუკი სომხეთს დასჭირდა რუსეთისგან სამხედრო დახმარების მიღება საქართველოს ტერიტორიის გავლით?!“ - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში" სტუმრობისას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტმა, გელა ვასაძემ.

მისი შეფასებით, თუკი რუსეთი ამას გადაწყვეტს, ეს მისი ლოგისტიკური საჭიროებიდან არ იქნება გამომდინარე - „თუ დასჭირდა სომხეთს იარაღი ან ტყვია-წამალი რუსეთიდან, ირანის გავლით თავისუფლად შეიძლება მიწოდება; მაგრამ თუ საქართველოს გავლით მოინდომა რუსეთმა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

თემურ ჩაჩანიძე საფრთხეების ჩამონათვალს კიდევ ერთ ფაქტორს ამატებს. გვეუბნება, რომ საქართველოსთვის ასევე საფრთხის შემცველია მასშტაბური საარტილერიო შეიარაღება, რომელიც უკვე აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს.

„მაგალითად, „ისკანდერებს“ 500 კილომეტრის დაფარვაც შეუძლიათ... ვიდრე მას ისვრიან, ხდება ტექნიკური გამართულობისა და, მათ შორის - დამიზნების სისტემის შემოწმება. არის ალბათობა და მსოფლიოში ყოფილა არაერთი შემთხვევა, რომ ის წინასწარ განსაზღვრულ სამიზნეს აცდენია და სხვაგან ჩამოვარდნილა“.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში საქართველო აქტიურად უნდა იყოს ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამწვავებული კონფლიქტის ჩაცხრობის პროცესში და ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ცნობა, რომ 2020 წლის 13 ივლისს მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და „დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციისა და თანმდევი მსხვერპლის გამო“.

ამავე წყაროს ცნობით, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია ადგილზე სიტუაციის განმუხტვა, შეიარაღებული ხასიათის მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა“ და იმედი გამოთქვა, რომ ეს საერთაშორისო ძალისხმევით მოკლე დროში მოხერხდება.

რუსეთის ხელი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამწვავებული დაპირისპირება მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა.

მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესებში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა მოსკოვიც, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ მას კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი მიზნები არ ამოძრავებს.

„რაც ხდება დღეს, მთლიანად იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რასაც მიზანმიმართულად მისდევდა რუსეთი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით... რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ პოზიციონირებს, მაგრამ წლების მანძილზე შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანსაც...

პრაქტიკულად 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეტევით იარაღს აწვდის ყოველწლიურად აზერბაიჯანს... ასე ქმნის რუსეთი რეგიონში დისბალანსსა და ნიადაგს კონფლიქტებისთვის... ასეთი კონფლიქტები სამხრეთ კავკასიის რეგიონს განვითარების საშუალებას უკარგავს და ეს არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც“ - ამბობს გიორგი გობრონიძე.

რუსეთს სომხეთში ორი სამხედრო ბაზა აქვს: საავიაციო - ერევანში და უფრო მასშტაბური - ქალაქ გიუმრიში.

  • 2010 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის ქალაქ გიუმრიში განთავსებულ ბაზას მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივდა;
  • სწორედ გიუმრის ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების დროს დაუდო რუსეთმა სომხეთს სამხედრო კონფლიქტებში დახმარების პირობაც.

ჯერჯერობით, მოსკოვში გაკეთებული განცხადებები ნეიტრალურ სახეს ატარებს და არ ჩანს, რომ რუსეთი სომხეთისთვის ამ პირობის შესრულებას გეგმავს.

უფრო მკვეთრი განცხადებები წამოვიდა აზერბაიჯანის მოკავშირე ანკარიდან.

„თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ყველა შესაძლო მეთოდით“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ ეტაპზე ექსპერტები არ მოელიან რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამწვავებული ვითარების ფონზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG