საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უნიკალურ პროექტს უწოდებს შეკვეთილში მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის გახსნას. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და ეს არ იყო მხოლოდ გურიისთვის მნიშვნელოვანი დღე... მიუხედავად სამი წლის ცილისწამების და თეთრზე შავის ძახების, საბოლოოდ, მაინც სიმართლემ გაიმარჯვა და ჩვენი მოქალაქეები თავად ხედავენ რამხელა შრომის შედეგია ამ პარკში", - თქვა მან.
გუშინ რამდენიმეწლიანი მშენებლობის შემდეგ გურიაში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ბაღი 60 ჰექტარზეა გაშენებული და ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.
პარკის მშენებლობის დროს არაერთხელ გამართულა აქცია. მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელები აპროტესტებდნენ მრავალწლიანი ხეების გადარგვას. აცხადებდნენ, რომ ბუნებას ფასდაუდებელი ზიანი ადგებოდა და მის აღდგენას ათეული წლები დასჭირდებოდა.