Accessibility links

14 კითხვა ექსპერტიზას იმის დასადგენად, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი არაგვში


შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმოებას. ექსპერტებს მოუწევთ დააკონკრეტონ რამდენიმე დეტალი, მათ შორის, რა ვითარებაში იყო შესაძლებელი იმ დაზიანებების მიღება, რაც 19 წლის ფეხბურთელმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. ექსპერტებმა უნდა დააზუსტონ ასევე სიკვდილამდე რამდენი ხნით ადრე მიიღო ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა და რა დროის განმავლობაში იმყოფებოდა მისი სხეული წყალში.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საგამოძიებო უწყებამ 14 კითხვა გაუგზავნა:

  • გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს სწორი რელიეფის მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის გვერდულზე წაქცევა-დაცემით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები რაიმე მკვრივ ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალ ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?
  • დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (ხელკეტისმაგვარი საგნის, ხელის, ფეხის, ქვის) დარტყმით? დამაზიანებელი საგნების რამდენჯერადი ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები?
  • ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • სახის და თავის არეში და ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოიწვევდა თუ არა მოძრაობის შეზღუდვას?
  • თავზე არსებული დაზიანებები გამოიწვევდა თუ არა გონების დაკარგვას ან შეუზღუდავდა თუ არა მოძრაობას?
  • რას ნიშნავს - დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? - ანუ, რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი?
  • წყალში აღმოჩენისა და ასფიქსიის დაწყების მომენტში, გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული თუ ფიზიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში?
  • გვამზე არსებული ნიშნებისა და სეზონის გათვალისწინებით (ივნისი), რა პერიოდის განმავლობაშ იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში?
  • რით შეიძლება აიხსნას გვამური ლაქების განსხვავებული ფერი გიორგი შაქარაშვილის ზურგზე და გულმკერდის არეში?

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩაერთვება სამი დამოუკიდებელი ექსპერტი. მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე. ექსპერტიზაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ნევროლოგი, რათა დადგინდეს, იმ ტიპის ტრავმებს, რაც გიორგი შაქარაშვილს სახისა და თავის არეში ჰქონდა, მოჰყვებოდა თუ არა ქალა ტვინის ტრავმა და რა ფორმის. ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, სავარაუდოდ, დადგინდება, წყალში მოხვედრისას გიორგი შაქარაშვილი იყო თუ არა გონზე.

გარდა ამისა, ექსპერტები ამჯერად გავლენ ინციდენტის ადგილზე, მცხეთის მაგისტრალსა და მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა დეტალურად დაათვალიერონ ის გზა, ბილიკი და მდინარის ნაპირი, რა ტრაექტორიითაც, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილი მდინარემდე მივიდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველი დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 10 ივლისს გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი ასფიქსიით, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ახლო პერიოდში კი მას 12-მდე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

სწორედ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაემატა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს მეოთხე, 109-ე მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე გამოძიება მიმდინარეობდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

როდის იქნება მზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნა, ამის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, 22-23 ივლისს გავრცელდება. შეგახსენებთ, პირველი ექსპერტიზის დასკვნის დაწერას 18 დღე დასჭირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში იმუშავებენ.

გამოძიებას სულ 9 დღე აქვს იმისათვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთა ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს და საქმის მასალები სასამართლოს, სხდომამდე 5 დღით ადრე, ანუ 26 ივლისისთვის გადასცეს.

პარალელურად საგამოძიებო ორგანოში კვლავ განახლდა შაქარაშვილის საქმის მოწმეების გამოკითხვის პროცესი.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG