Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მწყემსი“, რომელიც „იმედმა“ შაქარაშვილის საქმეზე ჩაწერა, ამბობს, რომ მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა


ე.წ. მწყემსი, ზაქარია ედიშერაშვილი, რომელიც 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, 22 ივნისს, ტელეკომპანია „იმედმა“ ჩაწერა, გამოძიებას ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ ჟურნალისტებს მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და რეალურად, გიორგი შაქარაშვილის კლდიდან ან სხვა ადგილიდან მდინარეში გადავარდნის ფაქტის შესახებ, არაფერი მოუსმენია.

22 ივნისს, ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ კომენტარში ზაქარია ედიშერაშვილი ამბობს:

„იმათგან მოვისმინე, ბავშვები იყვნენ, ახალგაზრდები. ეტყობა, ერთი მათგანი მაგათთან ერთად იყო. გავაჩერეთო მანქანაო, გადავიდაო იქო, გასასვლელად, რაღაც უნდოდა, რა ვიცი, გადავარდნილა იქიდან. ხიდიდან არა, კლდიდან. კლდე არის და ჩასავარდნია პირდაპირ. დაპირისპირება რამე თუ მოხდა, ეგ მე აღარ ვიცი. ერთადერთი, რაც ვიცი, ეგ არის, სხვა არაფერი“.

23 ივნისით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში, რომელიც რადიო თავისუფლებამ შაქარაშვილის საქმის მასალებიდან ამოიღო, ირკვევა, რომ ზაქარია ედიშერაშვილი არა მწყემსი, არამედ ფეხოსანი პატრულია, რომლის მოვალეობაცაა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი, ბაქო-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის წიწამური-წეროვანის მონაკვეთის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება. ის გამომძიებელს ეუბნება, რომ ახალგაზრდების საუბარი არ გაუგონია.

თუკი ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ კომენტარში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზაქარია ედიშერაშვილი იხსენებს 19 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს, გამოკითხვის ოქმში ამბობს, რომ ახალგაზრდები დაინახა არა ინციდენტის ღამეს, არამედ, მეორე დღეს, 19 ივნისს, დღის 12 საათისათვის. მან ახალგაზრდები ე.წ. ფერად შენობასთან შენიშნა, სადაც მისი ჩვენების თანახმად, იდგა ვერცხლისფერი „ნისან ფიტი“ და გოგოები და ბიჭები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ:

„მე კონკრეტულად ვერ გავიგე, თუ რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ის გარკვევით დავინახე, რომ ხელს იშვერდნენ მდინარე არაგვის მხარეს და შემდეგ დაიწყეს ფეხით მოძრაობა ხიდის ქვევით, შემოსაბრუნებელი გზის გაყოლებით. ამასობაში მე იმ ადგილს გავცდი და აღარც მათი საუბარი გამიგია და აღარც მათი მსვლელობისთვის მიმიდევნებია თვალი“.

ამის შემდეგ, ზაქარია ედიშერაშვილი იხსენებს უკვე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან გასაუბრების ფაქტს:

„22 ივნისს, როდესაც ვასრულებდი ჩემს მოვალეობას და ფეხით გადმოვდიოდი იმავე ხიდის ქვეშ, წინიდან შემხვდნენ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ჟურნალისტები, რომლებიც მე შემეკითხნენ, ხიდიდან ხომ არ იყო გადავარდნილი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ ვუპასუხე, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარეში, შესაძლოა, გადავარდნილიყო სხვა ადგილიდან და მივუთითე ის ადგილი, სადაც 19 ივნისს დავინახე ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფი. მე ასე იმიტომ ვივარაუდე და იმიტომ გავეცი აღნიშნული პასუხი ჟურნალისტებს, რომ ჩემს მიერ მითითებულ ადგილას, გაუქმებული სასადილოს ქვევით, გადის ბილიკი, რომელიც მიდის ციცაბო, მდინარეში გადასავარდნ ადგილას. მე შესაძლოა, ჟურნალისტებთან საუბარში ზუსტად ვერ გამოვთქვი ის, რომ ჩემი განცხადება იყო ჩემი ვარაუდი და არა ფაქტი. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ 19 ივნისს, ყოფილი სასადილოს შენობასთან შეკრებილ პირთა ჯგუფის წევრების საუბრიდან გიორგი შაქარაშვილის კლდიდან ან სხვა ადგილიდან მდინარეში გადავარდნის ფაქტის შესახებ არაფერი მომისმენია და ჟურნალისტებთან საუბარში მხოლოდ ჩემი მოსაზრება და ვარაუდი გამოვთქვი, რაც ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბე და, შესაბამისად, არასწორად გადავეცი ჟურნალისტებს ინფორმაცია“.

რადიო თავისუფლება ზაქარია ედიშერაშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, ტერიტორიის შემოვლისას, 19 ივნისს, დაახლოებით 11:45 წუთზე, მან ძველი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა სამი ბიჭი და ორი გოგო, რომლებიც არაგვის ხევის მიმართულებით იშვერდნენ ხელს. მისი თქმით, მან მოკრა ყური, როგორ ამბობდნენ ახალგაზრდები, რომ იმ ტერიტორიიდან ვიღაც გადავარდა:

„19 ივნისს, დილით, ერთადერთი ეგ გავიგე, რომ აქედან სადღაც დაიკარგაო, გაქრაო. ერთადერთი ეგ გავიგე. მეტი არაფერი. მერე ჟურნალისტები რომ შემხვდნენ, იმათ მივუთითე, იქ იდგნენ-მეთქი. მე ისიც არ ვიცოდი, ვინ გაქრა, გოგო გაქრა, ბიჭი გაქრა. ჩემმა ყურებმა მხოლოდ ეს მოისმინეს“.

ჩავიდნენ თუ არა ზაქარია ედიშერაშვილის მიერ ნახსენები ახალგაზრდები მდინარის პირას, ამის შესახებ მან არაფერი იცის. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ გოგოები და ბიჭები ხიდის ქვევით, ფეხით გაეშურნენ.

თუკი ფეხოსანი პატრულის მიერ ნახსენები ახალგაზრდები გიორგი შაქარაშვილს ეძებდნენ და არაგვის ხევშიც ჩავიდოდნენ, მაშინ, ლოგიკურად, მათ გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაც უნდა ენახათ. გამომძიებლებმა ხიდის ბურჯზე შემოდებული წელის ჩანთა მაშინ იპოვეს, როდესაც 19 ივნისს, საღამოს, საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, ოლეგ ბობოხიძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 ივნისის დილას, შაქარაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები, მათ შორის დედა და და, გიორგის მართლაც ეძებდნენ. თუმცა, ისინი ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ლურჯი ფერის „ჰიუნდაი ელანტრათი“ და არა ზაქარია ედიშერაშვილის მიერ ნახსენები ვერცხლისფერი „ნისანით“. ოლეგ ბობოხიძე ამბობს, რომ ისინი მდინარის პირას არ ჩასულან.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG