Accessibility links

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: "გვამური გაშეშება" არ იყო "მექანიკური შეცდომა"


ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია მითითებული, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარკვეული დეტალები, სხვადასხვა პირის მიერ, არაერთგვაროვნად იქნა ინტერპრეტირებული და საზოგადოებაში გააჩინა კითხვები, ბიურო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ განმარტებებს აკეთებს:

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ექსპერტის მიერ გვამის დათვალიერებისას ოქმში მითითებული გარემოება, „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

კერძოდ, 2020 წლის 22 ივნისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ). ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

შემდგომ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი „გვამური გაშეშების“ ფაქტი, თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგთან, რაც უკვე აღინიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს, საჭიროდ ჩავთვალეთ წარმოგიდგინოთ სასამართლო-სამედიცინო სახელმძღვანელოებში ამ საკითხთან დაკავშირებული განმარტებები:

ციტატა:

„გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული“. (იხილეთ: თეიმურაზ გორდელაძე. ექიმი პათოლოგანატომი, სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2008წ.)

ციტატა:

„გაშეშება უმაღლეს დონეს 24 საათის განმავლობაში აღწევს, შემდეგ იწყება თანდათანობით კუნთების მოდუნება და გაშეშება იხსნება 2-3 დღის შემდეგ... გვამის გაშეშება მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორთან. ცივ გარემოში გაშეშება გვიან ვითარდება და დიდხანს ძლებს, რამდენიმე დღეს და კვირასაც კი. გვამში აუტოლიზური პროცესები და ლპობა სწრაფად იწვევს გაშეშების მოხსნას, რასაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე გვამის ყოფნისას ...“. (იხილეთ: ბესიკ კილასონია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2011)“.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც ბიუროს განმარტებით, ასევე გახდა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი, მათ შორის, ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი, ექსპერტიზის ბიურო განმარტავს, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას.

„ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებულნი არიან უმაღლესი კვალიფიკაცის ექსპერტები, რომელთა კომპეტენცია და კეთილსინდისიერება ათეული წლებია აღიარებულია შესაბამის პროფესიულ წრეებში, მათ შორის, საზღვარგარეთ. დასასრულს, საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი. საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ტელეკომპანია „მთავარში“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ უკრაინელი ექსპერტის, გალინა კარმოშინასა და ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისს, ინციდენტის ღამეს, არამედ 20 ივნისს, შუადღისას და ამას მოწმობდა გვამის დათვალიერებისას, ექსპერტის მიერ მითითებული ჩანაწერი, რომ „გვამური გაშეშება გამოხატული იყო ყველა ჯგუფის კუნთებში“.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები განმარტავდნენ, გვამური გაშეშება გრძელდება მხოლოდ და მხოლოდ 48 საათს და შემდეგ ის იხსნება, რაც ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ რაკიღა გიორგი შაქარაშვილის გვამი მაშველებმა იპოვეს 22 ივნისის შუადღის სამი საათისთვის და რაკი ექსპერტი მდინარის პირას დათვალიერების ოქმში წერს, რომ „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“, შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისის ღამეს, არამედ, 20 ივნისს, შუადღისთვის.

ამ ჩანაწერს, ოჯახის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „მექანიკური შეცდომა“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG