Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას საქმიანობს კომპანია, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა


სამართალდამცველებმა იმ კომპანიიდან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, დღეს კომპიუტერები ამოიღეს. კომპანია “ზეგ”-ის წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სამართალდამცველებთან ისინი მანამდეც თანამშრომლობდნენ, სანამ ახალგაზრდა ქალს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილს იპოვიდნენ. კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის თქმით, მათვე ურჩიეს ოჯახს, მედიისთვის შეეტყობინებინათ თამარის გაუჩინარების ამბავი.

ამ მომენტისთვის არებული ინფორმაციით, პროგრამისტმა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ თავისი გადაწყვეტილება ხელმძღვანელს მანამ გააცნო, სანამ გაუჩინარდებოდა და ამის მიზეზად სწავლის პარალელურად ორი სამსახურის შეუთავსებლობა დაასახელა. რა იყო თამარის მეორე სამსახური, ამის შესახებ ინფორმაციას არც მისი ქართველი დამსაქმებელი და არც ოჯახი არ აკონკრეტებს, პროფესიული სოციალური ქსელი linkedin-დან ირკვევა, რომ ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიული კომპანია SPRYFLASH -თან თანამშრომლობდა, თუმცა რამდენად აქტიურია კომპანია, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სიახლე 2 წლის წინ არის გამოქვეყნებული მათ ვებ-საიტზე.

ავსტრიული კომპანიის ვებ-საიტი, სადაც თამარის linkedin-ის თანახმად, ის მუშაობდა
ავსტრიული კომპანიის ვებ-საიტი, სადაც თამარის linkedin-ის თანახმად, ის მუშაობდა

შპს “ზეგ”, რომელიც თამარმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, 2015 წლის 30 დეკებერს არის შექმნილი. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავდაპირველად საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ გეჯაძეა. 2018 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება ამერიკის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი, დირექტორი კი თამარ კობერიძე. კობერიძე 2016-18 წლებში, სანამ აბრაჰამ რეიხბახი გახდებოდა კომპანიის მეპატრონე, დირექტორობასთან ერთად ფლობდა ფირმის 100%-იან წილსაც. სწორედ თამარ კობერიძემ გაავრცელა 22 ივლისს განცხადება ორგანიზაციის სახელით, სადაც ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმიანობის სპეციფიკასა და ორგანიზაციის დამკვეთებზე საუბრობდა.

კომპანიის საქმიანობის სფეროები მისი წესდების მიხედვით
კომპანიის საქმიანობის სფეროები მისი წესდების მიხედვით

“შპს "ზეგ" არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია” - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს თანამშომლები მუშაობის სრულად ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. განცხადება, მედიაში მანამ გამოჩნდა, სანამ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს და ცხედარს სამართალდამცველები იპოვიდნენ.

შპს "ზეგ" მედიასთან უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა არსებობდეს მათი კავშირი ე.წ. "ტროლების ქარხანასთან", თუმცა მისი დირექტორი ამბობს, რომ იყო საუბარი იმავე შენობაში, სადაც კომპანიას ოფისი აქვს, ასეთი დაწესებულების არსებობის შესახებ.

"ჩვენთან არ არის ნამდვილად. ამ შენობაში იყო ამაზე საუბარი, ჩვენ მაგათთან კავშირში არ ვართ. როგორც ვიცი მე-4 ან მე-6 სართულზე იყო".

ამერიკის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი საქართველოში სხვა ბიზნესს არ ფლობს ნიკოლოზ გეჯაძისა და თამარ კობერიძისგან განსხვავებით. ორივე მათგანმა 2020 წელს ახალი კომპანიები დაარეგისტრირეს. ნიკოლოზ გეჯაძის “კოდიფაი” 2020 წლის 25 ივნისს არის რეგისტრირებული, თამარ კობერიძის “ჯეოგიჯს” კი 2020 წლის 16 მაისს. ორივე მათგანი ახლადშექმნილ კომპანიებში 100%-იან წილს ფლობენ და დირექტორებიც თავად არიან ამ ორგანიზაციებში.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG