Accessibility links

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძეს თამარ ღვამიჩავა შეცვლის


პრეზიდენტის წარდგინებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. პრეზიდენტის განკარგულება 22 ივლისით თარიღდება.

თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წლის ვადით დაინიშნა. მის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოიპოვება.

„ყველაფერი წარდგინების შემდეგ გახდება ცნობილი“, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში. პრეზიდენტი თამარ ღვამიჩავას ოფიციალურად დღეს წარადგენს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი გაუმჭირვალედ წარიმართა. უცნობია, ვინ იყვნენ მისი კონკურენტები და რატომ შეაჩერა პრეზიდენტმა ყურადღება თამარ ღვამიჩავაზე, რომელიც ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით სამოქალაქო საზოგადოებაში მაღალი ცნობადობით არ გამოირჩევა.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით მნიშველოვანია ვინ იქნებიას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები იმ თვალსაზრისითაც, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა საბჭოს კომპეტენციაა, ამასთან ადგილობრივი და საერთაშორისო პატრნიორების მხრიდან სასამართლო მწვავე კრიტიკის საგანი ხდება, ამდენად საბჭოში თუნდაც, ერთი წევრი ვინ და რატომ იქნება, ამ კითხვას დასაბუთებულად უნდა გასცეს პასუხი პრეზიდენტმა“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასამოსამართლე წევრის პოზიციაზე კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა. ამ დღეს პრეზიდენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ანა დოლიძის განცხადება მიიღო.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო 22 ივნისს ვადის ამოწურვამდე დატოვა. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა და მთელ თავის რესურსებს მოძრაობას „ხალხისთვის“ დაახარჯავდა.

სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დაეტოვებინა თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებდა. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად პრეზიდენტის კვოტით 2018 წლის იანვარში დაინიშნა. კონსტიტუცია პრეზიდენტს საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას ანიჭებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG