Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს თქმით, ის COVID-19-ისგან განიკურნა


ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ შაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ტესტის ნეგატიური პასუხი მიიღო მას შემდეგ, რაც ინფიცირების გამო რამდენიმე კვირა კარანტინში გაატარა საკუთარ რეზიდენციაში.

ბოლსონარომ გამოჯანმრთელება მიაწერა პლაქვენილს, თუმცა მეცნიერულად არ არის დადასტურებული ამ მედიკამენტის ეფექტიანობა.

მას არ დაუზუსტებია, როდის ჩაუტარდა ტესტი და არც სხვა დეტალები უხსენებია.

მიმდინარე თვეში ბრაზილიის პრეზიდენტმა სამჯერ გააკეთა განცხადება COVID-19-ის ტესტის პოზიტიური შედეგების შესახებ, მათ შორის 7 ივლისს, როცა მას დაავადება აღმოუჩინეს.

მას შემდეგ ის ნაწილობრივ იზოლაციაში იმყოფება პრეზიდენტის რეზიდენციაში. როგორც რეიტერი იტყობინება, ამ პერიოდში ის მხარდამჭერების მიერ გამართულ დემონსტრაციაზეც გამოჩნდა ნიღბის გარეშე.

ბრაზილია კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა. დღემდე აღრიცხულია 2,3 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 85 ათასზე მეტი ადამიანი.

ბრაზილიის მემარჯვენე პოპულისტი პრეზიდენტი ადრე აცხადებდა, რომ კორონავირუსის საფრთხე გადაჭარბებულია და მას „პატარა გრიპს“ უწოდებდა. ის მკვეთრად უპირისპირდებოდა ჯანდაცვის ექსპერტებს და რეგიონულ ხელისუფალთ, რომლებმაც მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს. მისი თქმით, ასეთი ზომები კორონავირუსზე უარესია.

ბოლსონაროს თქმით, გამოჯანმრთელების შემდეგ ის ბრაზილიაში მოგზაურობას დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG