ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის ახალი კერები შეინიშნება მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საკარანტინო ზომების შემსუბუქება საზაფხულო ტურიზმისთვის ხელის შესაწყობად.
ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა იწვევს შიშს, რომ ვირუსის შეკავებაში მიღწეული წარმატებები შეიძლება სწრაფად დაიკარგოს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა 26 ივლისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლება გულისყურით აკვირდება ინფიცირების შემთხვევათა შესამჩნევ ზრდას 13-კვირიანი უკუსვლის შემდეგ. ოფიციალური პირების თქმით, ინფექციის მაჩვენებლები ახლა ჩამოჰგავს იმ სტატისტიკას, რომელიც მაისში იყო სახეზე, როცა საკარანტინო ზომების შემსუბუქება მოხდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება გერმანიაშიც. ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის თქმით, ზრდა „ძირითადად დაკავშირებულია ტურისტულ საქმიანობასთან, მოგზაურთა დაბრუნებასთან ზოგიერთი რეგიონიდან, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთიდან, თურქეთიდან“.
ესპანეთი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა შეაკავოს ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება და ახალი ზომები მიიღოს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ. ესპანეთში ვითარების გაუარესებამ სხვა ქვეყნებს უკარნახა, სამოგზაურო აკრძალვები დაუწესონ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ესპანეთში გატარებული არდადეგებიდან ბრუნდებიან შინ. დიდი ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ მატერიკულ ესპანეთში ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან. ესპანეთიდან დაბრუნებულებმა ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ.
ამჟამად მთელს მსოფლიოში შეინიშნება პანდემიის გაძლიერების ტენდენცია. ეპიდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 16 მილიონს გადააჭარბა. ის ყოველდღიურად 200 ათასზე მეტით იზრდება, ძირითადად აშშ-ის, ასევე ლათინური ამერიკისა და აზიის მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების ხარჯზე. დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 650 ათასამდე ადამიანი.