Accessibility links

ბოკერიას თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონის მაჟორიტარების გადანაწილების ორ გეგმას სთავაზობენ


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასაყენებლად თანამშრომლობა და ორი გზა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. ბოკერიამ დეტალების მედიისთვის გასაცნობად ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, მათი შეთავაზება იყო, 11 დიდ ქალაქში "ნაციონალურ მოძრაობას" დაესახელებინა კანდიდატები და 8 შედარებით მომცრო სამაჟორიტარო ოლქში - იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თბილისში საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ. გარდა ამისა, ბოკერია ამბობს, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, არსებობდა კიდევ ერთი ვერსია, რომელის მიხედვითაც, 12 მაჟორიტარული ოლქი 8/4-ზე პროპორციით "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის გადანაწილდებოდა.

"თუ არცერთი შეთანხმება არ შედგება, გვაქვს კონსულტაციები დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან", - თქვა ბოკერიამ და დასძინა, რომ პოზიტიურად თუ იტყვის, ჯერ "ნაციონალური მოძრაობისგან" საბოლოო უარი არ მიუღიათ.

ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", თბილისში 8 მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების დროს გაერთიანდნენ. როგორც საჯარო განცხადებებით ირკვევა, "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში, 22-ვე სამაჟორიტარო ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG