Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ გარე სამყაროს მოწყვიტა რაჭის სოფლების ნაწილი


გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ზემო რაჭაში გზები და ხიდები დაანგრია.

ონის მუნიციპალიტეტში გარე სამყაროს მოწყდა ათზე მეტი სოფელი, მათ შორის უწერა, შოვი, ღები, გლოლა და ჭიორა.

„ფაქტიურად, გზა აღარ არის. რასაც ჰქვია სახელმწიფო გზა, ზემო რაჭაში აღარ არსებობს. რიონი ცენტრალურ გზაზე იყო გადმოსული. ონთან მოწყვეტილი ვართ. ასეთი რამე მე არ მახსოვს", - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ უწერის მცხოვრებმა, 55 წლის ციცო მეტრეველმა.

ონის მერის წარმომადგენლის, ლევან შერაზადაშვილის ინფორმაციით, ცენტრალური გზა სულ მცირე ხუთ-ექვს ადგილზეა ჩაწყვეტილი: „ეს რაც ვიცით. დანარჩენ ადგილებზე ჯერ ვერ გავდივართ“.

შერაზადაშვილის თქმით, დაზიანებულია დაახლოებით რვა ხიდი, სადაც გავლა უკვე შეუძლებელია.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდება. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყრდენი წაიღო. გზის დანგრევის გამო, კომპანიის თანამშრომლები ავარიის ადგილამდე ჯერჯერობით ვერ მიდიან.

XS
SM
MD
LG