Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის КГБ აცხადებს, რომ აღკვეთა "სამხრეთ ოსეთში" ქართველი მზვერავების შეღწევა


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი (КГБ) ირწმუნება, რომ აღკვეთეს „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, რომელსაც დღეს, 29 ივლისს ავრცელებს სააგენტო „რესი", 25 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მხრიდან „სახელმწიფო საზღვრის“ ხაზთან ავტომანქანით იმყოფებოდა საქართველოს პოლიციის ფორმიანი 6 პირი, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის სიღრმეში განთავსებულ სასაზღვრო ნიშნებამდე მივიდნენ და სასაზღვრო ზონას აკვირდებოდნენ, მათ შორის, კვადროკოპტერის გამოყენებით

ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, „ქართველი ძალოვნები“ თავიანთ ქმედებებს დემონსტრაციულად განაგრძობდნენ მას შემდეგაც, რაც „სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოების თანამშრომლები შენიშნეს“ და ტერიტორია დატოვეს მხოლოდ მაშინ, როცა „სამხრეთოსეთელმა მესაზღვრეებმა“ ვიდეოგადაღება დაიწყეს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა მსგავსი ბრძანებების გაცემით ქმნის პირდაპირი შეტაკების და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს. საოკუპაციო რეჟიმი ისევ აკრიტიკებს ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომლებიც ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, არათუ არ აკონტროლებენ, არამედ, ფაქტობრივად, ხელს უწყობენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების პროვოკაციულ და დესტრუქციულ საქმიანობას.

КГБ-ს მორიგ ბრალდებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონიათ არც საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG