საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები ყურბან-ბაირამს ზეიმობენ. ბათუმის მთავარ მეჩეთში, ორთაჯამეში სადღესასწაულო ლოცვა აღავლინა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.
ხალხმრავლობის გამო, მრევლის ნაწილი ქუჩაში ლოცულობდა, ნაწილი კი შეიკრიბა მუსლიმი თემის მიერ ახალი მეჩეთის ასაშენებლად შეძენილ ტერიტორიაზე. ბათუმის ამ უბანში მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღემდე სასამართლო დავის საგანია ქალაქის მერიასა და მუსლიმი თემის საინიციატივო ჯგუფს შორის.
ყურბან-ბაირამზე მუსლიმი მორწმუნეები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.