საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა COVID-19-ის მართვის და პანდემიის გავლენის შესახებ.
მთავრობაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით და როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და COVID-19-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე.
კვლევას, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის და სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, ერთობლივად განახორციელებენ გაეროს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID).
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტნიორებს, რომლებთანაც კვლევის დეტალებზე შიდა კონსულტაციები უკვე დასრულდა, დღეს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მისი განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება, ანალიზი და ხარვეზების გამოვლენა და გაცნობიერება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის ინსტიტუტები მომავალში უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ მსგავს, შესაძლო კრიზისებს.