Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამენ, რომ რურუას განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია


გიორგი რურუა
გიორგი რურუა

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ისინი მიიჩნევენ, რომ სამართალწარმოების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და არსებული კონტექსტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ რურუას საქმეზე სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.

კერძოდ: „ბრალდებულს დაკავებისას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულისთვის არ განუმარტავთ უფლება-მოვალეობები; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა გიორგი რურუას როგორც პირადი, ისე ავტომანქანის ჩხრეკაც; პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები;გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე ჩაატარა. საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას".

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, „პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა ბოლო პერიოდში არაერთხელ გამხდარა პოლიტიკურ ოპონენტებსა, თუ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ზემოქმედების იარაღი. ამ მხრივ, გიორგი რურუას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაც საეჭვოდ უკავშირდება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე მის გააქტიურებასა და ოპოზიციური ტელევიზიის წილის შეძენას. გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მისი დაკავების დღიდანვე მოექცა მედიის, საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ქვეშ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, განსაკუთრებით კი - ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენელთა კრიტიკული განცხადებები, რომლებშიც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან იქნა ასოცირებული“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა სწორედ ის, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არ მომხდარიყო, რაშიც მოიაზრება ასევე გიორგი რურუას საქმე.

ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, ზემოაღნიშნული ფაქტები და კონტექსტი აჩენს კითხვის ნიშნებს გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით და საფუძვლიან ეჭვს ბადებს საქმეში პოლიტიკური მოტივების არსებობაზე.

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“

„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“

„საფარი“

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“

„თბილისი პრაიდი“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG