მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის მშობლებს შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე, რომლებმაც მოზარდის მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ.
შს სამინსიტროს ინფორმაციით, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.
მაშველებმა შეისწავლეს სოფელ ხაიშიდან ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია და ჭუბერის მიმდებარედ წყალსაცავიდან მდინარე ენგურის გაყოლებაზე ნაპირების და მესტიის საბაგიროს მიმდებარედ მდებარე ტყის მასივი. ასევე დაათვალიერეს „ენგურჰესის“ წყალსაცავის ზედაპირი, სოფელ ეცერში შავი ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირები, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები და სოფელ ჰებუთის და ჰაწვალის მთაზე ტყის მასივი, ასევე ამ ადგილების მიმდებარე ტერიტორიები მდინარის ნაპირებამდე და ალპურ ზონებამდე.
„შემოწმებულია მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს. პარალელურად, მაშველების მიერ სრულად არის დათვალიერებული მესტიიდან ზუგდიდამდე არსებული ცენტრალური მაგისტრალის 136 კილომეტრიანი მონაკვეთი“, - წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს.
13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს დღის პირველ ნახევარში სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.