Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორნების და სასტუმროების ფედერაციაში ბიზნესის დაშინებად აფასებენ ამ ობიექტების დაჯარიმებას


სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ზოგიერთი სასტუმრო და რესტორანი დააჯარიმა დარღვევისთვის იმ პირობებისა, რომელთა დაკმაყოფილების საფუძველზე, ლიზენცია თავადვე ჰქონდა გაცემული.

მედიაცენტრ „მთავარში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალავერდაშვილმა თქვა, რომ 10 000-10 000 ლარით დაჯარიმებულია 31 ასეთი რესტორანი და 3 სასტუმრო.

„როცა რეალურად ბიზნესი თითქმის გაკოტრებულია და უმრავლესობა გაკოტრებულია, რამოდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა, ვალი აიღოს და თავისი ობიექტები აამუშაოს. ამისთვის წინასწარ გაიარა ლიცენზიის მიღების ყველა პროცედურა. ლიცენზიის მიღების შემდეგ ერთ ან ორ კვირაში ისევ მიადგნენ ამ ხალხს და თავისივე შემოწმებული ობიექტები დააჯარიმეს. ეს არის უბრალოდ, ბიზნესის დაშინება. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვინც ფიქრობდა, რომ ვალს ავიღებ და გავრისკავ, გადაწყვიტა, რომ აღარ გარისკოს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს იმხელა ჯარიმა, როგორიც საქართველოს. ალავერდაშვილი ამბობს, რომ რესტორანმა 4 თვეს უნდა იმუშაოს, რომ 10 ათასი ლარის მოგება ჰქონდეს.

მუშაობის ლიცენზიის მიღება არ ნიშნავს, რომ ობიექტები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ბოლო ხანს გეგმურად შემოწმდა 91 რესტორანი და მათგან 33 დაჯარიმდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის. ფერაძის შეფასებით, დინამიკა დადებითია, რადგან რესტორნების შემოწმების პირველ ეტაპზე სურათი გაცილებით მძიმე იყო.

საქართველოში ივნისის დასაწყისიდან ამუშავდა კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში დახურული რესტორნები და კაფეები. მათ მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვით. კონტროლს პერიოდულად ახორციელებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG