Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანებისთვის დაიწყება სისხლისსამართლებრივი მოკვლევა


ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია
ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება.

როგორც სააგენტო იტყობინება, სსკ-ის 259 (2) მუხლით (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით 31 ივლისს მიმართა.

„სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, ვისი უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნაბართვო სამუშაოები სარესტავრაციო მეთოდოლოგიების უგულვებელყოფითა და თვითნებურად განხორციელდა.

ეკლესიის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემდგომ, ეროვნული სააგენტო მათთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის საპროექტო პირობებით რესტავრაციის მოთხოვნის პირობებს განსაზღვრავს, რამაც მისი პირველადი იერსახის აღდგენა უნდა უზრუნველყოს. პასუხისმგებელ პირს ან პირთა ჯგუფს განესაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა, მასზე სარესტავრაციო ნებართვის გასაცემად", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ნათვლუღის სასაფლაოზე მდებარე „წმინდა ბარბარეს“ სახელობის ეკლესიაში სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისას ეკლესიის ფასადი მოპირკეთდა ახალი ქვისა და აგურის პერანგით, რამაც დააზიანა და კრიტიკულად შეცვალა ნაგებობის არქიტექტურული იერსახე და ისტორიული ღირებულება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამავდროულად, ინტერიერში მოეწყო კერამიკული ფილების ახალი იატაკი, რამაც დაფარა ძველი საფლავის ქვები და ეკლესიის თანადროული აგურის იატაკი. იატაკის ფენილის მოწყობისას განადგურდა არსებული იატაკის საფარიც. მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა იატაკის ქვიშა-ცემენტის დუღაბის ქვეშ მოქცეული მარმალილოს საფლავის ქვის ეპიტაფიები, რომლებიც შესაძლოა მთლიანად განადგურდეს.

აღსანიშნავია, რომ ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მიმდინარე უკანონო სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს სოცალურ ქსელში გაავრცელა თეოლოგმა გიორგი ტიგიაშვილმა. მან სამუშაოების ამსახველი ფოტოებიც გამოქვეყნა და აღნიშნა, რო ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზაშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები. ასევე, მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულია ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად წაიშალა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა.

მოგვიანებით, ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსა და იქ არსებული არტეფაქტების შესაძლო დაზიანების შესახებ გავცელებულ ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG