სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა და 4000-მდე დაშავდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი დიდი სიმძლავრის აფეთქების შედეგად. გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ნანგრევებში რჩება არაერთი ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. "წითელი ჯვრის" ინფორმაციით, ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია.
აფეთქება 4 აგვისტოს, საღამოს მოხდა ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე და იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა გაიგეს 240 კილომეტრში მდებარე კვიპროსზეც.
ლიბანის ხელისუფლება ამ ეტაპზე მთავარ ვერსიად ასახელებს პორტის საწყობში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვის პირობების დარღვევას. სასუქს - ამონიუმის ნიტრატს ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთ კომპონენტადაც იყენებენ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ხასან დიაბმა მოითხოვა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გამოძიების შედეგს 48 საათში გამოაქვეყნებს.
გვიან ღამით, ლიბანის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო ბეირუთის უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ლიბანში 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.
ბეირუთის პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული, ან დაზიანებულია პორტიდან 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე სახლები, დაწესებულებები და მაღაზიები. მათ შორის დაზიანებულია გერმანიის, ყაზახეთის და რუსეთის საელჩოების შენობები. დაზიანდა ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის გემიც და რამდენიმე სამხედრო დაშავდა.
ბეირუთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დეტონაციის შედეგად შესაძლოა, წარმოქმნილი იყოს ტოქსიკური გაზი და ქალაქის მცხოვრებთ მიმართა, შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ და დამცავი ნიღბები გამოიყენონ.