განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა კიდევ 1%-ით შემცირდება.
„განახლებული პროგნოზით, ვფიქრობთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება. წინა პროგნოზი -4% იყო. ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იყო“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გვენეტაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკის ზრდა პროგნოზირებული იყო -3%-ზე, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული და უფრო პესიმისტური პროგნოზი, რომლის მიხედვით, გლობალური ეკონომიკის ვარდნა წელს იქნება -4.9%.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც საქართველოს პროგნოზის გადახედვა განაპირობა.