Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ თსუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები


იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს ამავე უნივერსიტეტის პროფესორს იაგო კაჭკაჭიშვილს.

„ღრმად გვწამს, რომ პროფესორთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არ ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს და იკვეთება პროფესორის დევნისა და შევიწროების მცდელობის ნიშნები. ბოლო დღეების განმავლობაში კი ამ ეჭვების გასაქარწყლებლად საპასუხო ნაბიჯი არ გადადგმულა. ეთიკის კომისიის შექმნა და ბოლო თვეებში, კვირებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უამრავ შეკითხვას ბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ამ გაურკვევლობას კი ვერ პასუხობს კომისიის წევრთა განმარტება, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება წარმოშვა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 55 ხელმომწერი ჰყავს.

სტუდენტები და კურსდამთავრებულები უპირისპირდებიან, მათი შეფასებით, თსუ-ში დამკვიდრებულ მსჯელობის პრაქტიკას. „ჩვენთვის მიუღებელია წარმოდგენა, თითქოს, უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გარშემო მსჯელობა უნივერსიტეტის კედლებშივე უნდა დარჩეს. მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა ამგვარმა პრაქტიკამ სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, თსუ მიიყვანა იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები სამწუხაროდ მიიჩნევენ აკადემიური პერსონალის ნაწილის მხრიდან პროფესორისადმი საჯარო სოლიდარობის ნაკლებობას (ისევე, როგორც უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე საჯარო პოზიციის არქონა). მათი შეფასებით, სწორედ, ეს ადამიანები უნდა იდგნენ სოლიდარობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, ვინაიდან თუ უნივერსიტეტი საკუთარ პროფესორს არ უცხადებს სოლიდარობას, სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი დაუცველობის განცდა ეუფლებათ.

„იაგო კაჭკაჭიშვილის შემთხვევის მიღმა, მიმდინარე პროცესს ვაფასებთ უფრო ფართო პერსპექტივიდან და აღვიქვამთ მას, როგორც კრიტიკულად განწყობილი ხმების განეიტრალების მცდელობად.

ამის ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ სტუდენტები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას უნივერსიტეტში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით.

აქვე, გვსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს, ის გარდა აკადემიური საქმიანობისა, ყოველთვის გამოირჩეოდა აუდიტორიის მიღმა უნივერსიტეტის გაჯანსაღებისთვის მიმდინარე პროცესების მხარდაჭერითა და მასში მონაწილეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, იაგო კაჭკაჭიშვილს თსუ ეთიკის კომისიამ „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - რექტორს, გია შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს. დარღვევის დადგენამდე, მან უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატის გამო გააკრიტიკა.

პროფესორი ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG