Accessibility links

site logo site logo

ძველი სახლის ფანჯრებიდან დანახული წარსული და მომავალი


ერგნეთში, სოფლის განაპირას, აგურით ნაშენი ძველი სახლი დგას. სახლი ომის დროს დაზიანდა.

მეორე სართულის ერთ ოთახში იატაკი დაწეულია და შესვლა უკვე საშიშია. კედელს სურო მიყვება, იატაკში ნახვრეტი უპოვია და ოთახში გაშლილა. სახლის ფანჯრიდან ცხინვალი ჩანს. გიორგი ხშირად დგება ამ ფანჯარასთან და წითელსახურავებიან ქალაქს გაჰყურებს. ამ ქალაქიდან სროლისა და აფეთქებების ხმა ისევ ისმის. 12 წლის წინ გიორგი ლაფაჩი 7 წლის იყო. მანამდეც და შემდეგაც სროლისა და აფეთქებების ხმა სულ ესმის და ესმის. პატარა გიორგის მეხსიერებაში ყველაზე მეტად 2008 წლის აგვისტოში სახლიდან ოჯახის გაქცევა დაილექა.

„წასვლის ეპიზოდი დამამახსოვრდა. მიდიხარ და არც იცი, რა უნდა წაიღო, სად მიდიხარ, რა დაგხვდება იქ ან, საერთოდ, გზაში რა მოხდება. ომის შემდეგ დავბრუნდით. დედაჩემი აქაურობას ვერ ეგუებოდა. მამა ომამდე დაიღუპა და პაპასთან დავრჩი. მე უფრო შეჩვეული ვიყავი აქაურობას. პაპასთან ვცხოვრობდი. პაპა ავად იყო და მარტო ვერ ვტოვებდი. ეს სახლი როგორიც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, საკუთარი მაინც ძვირფასია და განსაკუთრებულად გიყვარს“.

პაპა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ოჯახი სულ დაიშალა და გიო ძველ სახლში მარტო დარჩა. ახლა 19 წლისაა, ჯარში წავიდა, მაგრამ თავისუფალ დროს გამონახავს თუ არა, მამაპაპისეულ სახლში ბრუნდება.

„მარტო ცხოვრება რთულია, მაგრამ შეგუების მომენტია, ალბათ. რაც დრო გადის, მოსახლეობაც ბრუნდება. ახალგაზრდობაც ეგუება ამ ყველაფერს. სხვა გზა არ არის. მომავალზე ღრმად არ მიფიქრია. შეიძლება ჯარის მხრივ გავაგრძელო, შეიძლება კულინარიის ან მხატვრობის მიმართულებით, არ ვიცი. რაც მეტს ვისწავლი, ალბათ, უფრო ვიპოვი ჩემს თავს“.

გიორგიმ არ იცის, როგორი მომავალი ექნება. ამბობს, რომ ბედს მიენდობა.

„მიფიქრია ამაზე, რა იქნება მერე, მაგრამ რაც დაგეგმილი მქონდა, სულ სხვანაირად წასულა საქმე. ასე რომ, ბედს მივენდობი ხოლმე და დღემდე არაფერი „გაუმაზია“. სადაც წავსულვარ და ნაბიჯი გადამიდგია, ყოველთვის საუკეთესო ხალხთან მქონია ურთიერთობა. ერთი ადამიანი მეუბნებოდა, შენ ისეთი ადამიანი ხარ, ყოველთვის შენნაირს პოულობო. ალბათ, არის რაღაც სხვანაირი, რაც ჩემში ომმა შეცვალა. რთულია და შეუძლებელია იმ ყველაფრის დავიწყება, მაგრამ ვცდილობ, რომ ამ ყველაფერთან ერთად ვიცხოვრო. პოზიტიურობა მეხმარება ამ კუთხით. დარდით ვერაფერს ვერ ვუშველი და მთავარია, რომ რაღაცას ეცადო, რაღაცა შეცვალო, რაღაცა გააკეთო ახალი, რაღაცა შექმნა“.

გიორგი ლაფაჩი უკვე ქმნის - თავისუფალ დროს ხატავს. ხატავს ცხენებს, შავ ცხენებს; ხატავს დედამიწას, ერთბაშად შავსაც და მწვანესაც. ერთი რამ ახლავე იცის: სადაც არ უნდა წავიდეს, რაც არ უნდა შექმნას, რასაც არ უნდა მიაღწიოს, ცხინვალთან ახლოს, სოფელ ერგნეთში მამაპაპისეულ აგურის სახლს არასოდეს მიატოვებს. ახლა მას ამ სახლში ხმის გამცემიც არ ჰყავს. ირგვლივ დუმილია და ამ დუმილს ცხინვალიდან წამოსული სროლის ხმა არღვევს, მაგრამ ამ ახალგაზრდას სჯერა, რომ მოვა დრო და სახლი აფეთქებების კი არა, ადამიანების ხმებით ახმაურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG