Accessibility links

აგვისტოს ომის მძიმე შედეგები - არასამთავროები ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ


„12 წელი აგვისტოს ომიდან და ომის მძიმე შედეგები“ – ასე ეწოდება განცხადებას, რომელიც „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციამ“ გაავრცელა. მიმართვაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად წამოჭრილ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეა ლაპარაკი. კოალიცია რამდენიმე მსხვილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მასობრივად გაგრძელდა. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ და ბორდერიზაციამ მძიმე შედეგები მოიტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვისაც უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. ომიდან 12 წლის შემდეგაც პრობლემურია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ასევე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში.

კოალიცია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რათა:

  • გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად;
  • გააძლიეროს შერიგებისა და დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარება და შეიმუშაოს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების და კეთილდღეობის დაცვისკენ;
  • გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისადა პოლიტიკოსების დაშვების ბლანკეტური აკრძალვა და შეიმუშავოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომები;
  • გააძლიეროს ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებენ, უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების გონივრულ ვადაში დასრულება და დაკავების ორდერების გამოცემა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულებში.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია“ ასევე მიმართავს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო სამართლიანობა“, „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“, „უფლებები საქართველო“ და „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG