Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმნაძე: მესტიის სოფელ ლენჯერთან დაკავშირებულმა შემთხვევებმა დაგვანახა, რომ კორონა არსად წასულა


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კორონავირუსი არსად წასულა და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო:

„ერთადერთი, რაც შემიძლია ეხლა მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად დაიცვან, ეხლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, იქ წესები. რა თქმა უნდა, გამკაცრდება ნიღბის ტარება ყველგან დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა, მათ შორის, ღია სივრცეებშიც“, - უთხრა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს საკოორდიონაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, თუმცა წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია:

„მოგეხსენებათ, იქ უკვე მუშაობს 5 რაზმი, მეექვსე გზაშია და ხვალიდან კიდევ ერთი ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი. მერე შეგვეძლება უკვე ვთქვათ, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ლენჯერში ინფიცირებული შემთხვევების პირველწყარო ჯერ დადგენილი არ არის და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ბოლო 24 საათში მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა. ამ მიზეზით დილიდანვე შეიკრიბა საკოორდინაციო საბჭო და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მაისის ბოლოდან დღემდე ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1250-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1010.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG