Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირიან ნიკოლაძის თანახმად, ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია


მირიან ნიკოლაძე
მირიან ნიკოლაძე

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. როგორც მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრი სამართლებრივად სწორადაა მიცემული პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურად განზრახ მკვლელობას:

„საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ 5-მა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ოჯახისთვის, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, გარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც ბრალის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ეჭვს არ იწვევს, რომ დანაშაული სწორედ "ტოიოტას" მგზავრებმა ჩაიდინეს:

"ჩვენს მიერაც, გამოძიების მიერაც განხორციელდა არაერთი მოქმედება და, საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა, ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. მისი თქმით, დაზარალებული ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს და პროცესს თვალყურს მიადევნებს სასჯელის მოხდის ეტაპზეც, რათა არ მოხდეს მსჯავრდებული პირების პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ან შეწყალება.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატების თანახმად, შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრაკლდებული პირები ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG