Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმნაძე "რუსულ ვაქცინაზე": ახლა ბილ გეიტსი როგორ დაჩიპავს


​საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე თავს იკავებს კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინაზე საუბრისგან იმ დრომდე, სანამ საბოლოო შედეგები არ გახდება ცნობილი. ამ საკითხზე დასმულ კითხვას მან იუმორით უპასუხა და ვაქცინაციის შესახებ გავრცელებულ მითებზე გაამახვილა ყურადღება.

"აქ ხო არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვინც თვლის, რომ დაჩიპავენ და ბილ გეიტსმა უნდა დაჩიპოს. ახლა ძალიან მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპონ", - თქვა იმნაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თავშეკავებული რეაქცია აქვს რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დარეგისტრირებაზე. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ტარიკ იაზარევიჩის განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინის წინასაწარ კვალიფიცირება მოითხოვს, რომ მისი რეალური ეფექტი და უსაფრთხოება განუხრელად ზუსტად შემოწმდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მჭიდრო კონტაქტი აქვთ რუსეთის ჯანდაცვის სისტემასთან და ვაქცინის დაშვების კრიტერიუმებს განიხილავენ.

პრეზიდენტმა პუტინმა 11 აგვისტოს გამოაცხადა, რომ დარეგისტრირებულია ახალი ვაქცინა "Спутник V", რომელიც მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს. პუტინის მტკიცებით, ვაქცინამ ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა და მისი ერთ-ერთი ქალიშვილი უკვე აიცრა კიდეც. რუსეთი ვაქცინის მასობრივად წარმოების დაწყებას 2021 წლის იანვრიდან აპირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებდა, ვაქცინის შემუშავებისას დაეცვა უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტების წარმოების ყველა სტანდარტი. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტით, ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა სამეტაპიანი უნდა იყოს და ბოლო, მესამე ეტაპზე ის უნდა გამოსცადონ რამდენიმე ათას ადამიანზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG