Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში სტუმრობა კარანტინით გრძელდება 900-ზე მეტი ადამიანისთვის


საკარანტინო სივრცეებში უკვე გადაყვანილია სვანეთში ტურისტად და დასასვენებლად ჩასული 900-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი ინფორმაციით, სვანეთის სასტუმროებში, რომლებმაც საკარანტინო სივრცის მოთხოვნები დააკმაყოფილეს, 300-ზე მეტი ადამიანი დარჩა, დანარჩენები კი საქართველოს სხვა რეგიონების საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ სვანეთში პირდაპირი კონტაქტი აქვთ, ფაქტობრივად, ყველა დამსვენებელთან და მობილიზებულია ტრანსპორტიც.

ქვრივიშვილმა სვანეთში მყოფთ მოუწოდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოიყენონ ცხელი ხაზი 144. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ყველასთან, ვინც ცხელი ხაზით ისარგებლა, კომუნიკაცია შედგა და დღის ბოლომდე ყველას გადაიყვანენ შესაბამის საკარანტინო სივრცეში.

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილ მესტიის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა მოქმედებს საკარანტინო შეზღუდვები. ბოლო დღეებში მესტიაში გამოვლენილია კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG