Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

52%-იანი რეიტინგის არითმეტიკა - "გამოკითხულთა 42%-ის პოზიცია უბრალოდ გადაყარეს?"


IRI-ის კვლევის შედეგებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 33%-ია, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ „Survation“-ისთვის დაკვეთილი კვლევით, ეს მაჩვენებელი 52%-ს უტოლდება. „Survation“-ის კვლევის მეთოდოლოგია მწვავე დისკუსიის საგნად იქცა. ირკვევა, რომ შედეგები დათვლილია რესპონდენტთა 42.8%-ის გამოკლებით.

„ქართულ ოცნებას“ 52%-იც ეცოტავება. თუმცა სპეციალისტების გათვლით, გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი ამომრჩევლების არგამოკლების შემთხვევაში მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნებოდა.

ბრიტანულმა კომპანია „Survation“-მა კვლევა 15-დან 24 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს გზით 1200 რესპონდენტი გამოკითხა.

13 აგვისტოს გამოქვეყნებული შედეგებით პარტიების რეიტინგები ასეა გადანაწილებული:

  • „ქართული ოცნება“ - 52%;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 19%;
  • „ევროპული საქართველო“ - 8%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 5%;
  • „ლელო“ - 5%;
  • „ახალი საქართველო“ - 4%;
  • სხვა - 7 %.

ამ კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ მაჩვენებელსა (33%) და, ასევე, მანამდე Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს (39%).

„ქართულ ოცნებაში“ უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ პარტიის რეიტინგი 60%-ს უახლოვდება.

შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის დაკვეთილ კვლევაში ასახულ 52%-ს რეალობასთან „ყველაზე მიახლოებულად“, მაგრამ მაინც არაზუსტად თვლის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე. ოპონენტებთან მიმართებით კი, მას რეიტინგები ზედმეტად ოპტიმისტურად და „Survation“-ის სიფრთხილის შედეგად მიაჩნია.

მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ შედეგის გამართლება, მაშინ ასე ვიტყოდი.

„პატრიოტთა ალიანსისმონაცემებით 11% გვაქვს, IRI- კვლევით - 33%, თქვენი კვლევით - 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა. თუმცა, ამ სიფრთხილესაც შეიძლება, გაგებით მოვეკიდოთ, არ ვიცი“, - განაცხადა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჭრილში ალოკაცია გულისხმობს მეთოდს, როდესაც მკვლევრები ცდილობენ გადაუწყვეტელი ანდა პასუხებზე უარის მთქმელი რესპონდენტების პოზიცია დამატებითი კითხვების საშუალებით გამოავლინონ და განსაზღვრონ - ვის უჭერენ ისინი მხარს.

„სერვეიშენის“ განმარტებებს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ახალ კვლევაში მათ ალოკაციის მეთოდი არ გამოუყენებიათ. კომპანიამ შედეგებში საერთოდ არ გაითვალისწინა ის რესპონდენტები, რომლებსაც ან არჩევანი არ ჰქონდათ, ანდა არ სურდათ ამ არჩევნის გამჟღავნება.

„სერვეიშენის“ დამფუძნებელმა, დეიმონ ლაიენს ლოუმ კვლევის მეთოდოლოგიის ნიუანსები „რუსთავი 2“-ის ეთერით ახსნა. ტელეკომპანიის თარგმანის თანახმად, ის ამბობს, რომ:

  • „ის გამოკითხულები, რომლებიც ორჯერ ჩაკითხვის შემდეგაც აცხადებენ, რომ არ აქვთ გადაწყვეტილი თავიანთი პოზიცია ან უარს ამბობენ პასუხზე, ჩვენს კვლევაში არ შეგვყავს“;
  • „ასეთი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ისინი, ვინც პასუხზე საერთოდ უარი თქვეს, 42.8 პროცენტია“;
  • ჩვენს ინტერესში არ შედის ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან. მათ ჩვენი სიიდან უბრალოდ ვცხრილავთ“.

„ქართული ოცნების“ მაღალ (52%-იან) რეიტინგს სწორედ ამ მეთოდოლოგიით ხსნის ოპოზიციური სპექტრი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ისინი ამბობენ, რომ გადაუწყვეტელი და პასუხზე უარის მთქმელი ამომრჩევლების გამოკლების შემთხვევაში მთლიანად იკარგება რეალური სურათი.

  • „გამოდის, რომ მხოლოდ 57.2%-ის პასუხები გაითვალისწინეს და დანარჩენები, 42.8 %, უბრალოდ ჩამოჭრეს... ეს რომ არ გაეკეთებინათ, მაშინ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 29% გამოუვიდოდა და არა 52%. 42.8 %-ის მოშორება და რეიტინგების ისე გადანაწილება უბრალოდ იაფფასიანი ტყუილია“ - სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველო“;
  • „რაღაც გაუგებარი მეთოდით გამოიყვანეს 52%, რაც, რა თქმა უნდა, არ არის რეალური. ეს არის გამოუცდელი კომპანია, რომელიც 10 წლის წინ დაფუძნდა და რაღაც მანიპულაციებით ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს გიგანტების NDI-ს, IRI-სა თუ Edison Research-ის კვლევები“ - რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობა“.

„რუსთავი 2“-ის თანახმად, „კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20-წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. მან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა“.

ამ კონკრეტული შემთხვევის არითმეტიკა ასეთია:

  • გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი გამოკითხულების, ანუ 42.8 %-ის გამოკლებით, 1200 რესპონდენტს დაახლოებით 513 რესპონდენტი გამოაკლდა.
  • დარჩენილი 687-ის 52% დაახლოებით 357-ს უდრის.
  • იგივე 357 რომ 1200-სთან მიმართებით დაანგარიშებულიყო და არა 687-თან მიმართებით, შედეგი იქნებოდა არა 52%, არამედ 29-30%.

მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ კვლევის შედეგებიდან რესპონდენტთა 42.8%-ის ამორიცხვით, შეიცვალებოდა არა მხოლოდ მთლიანი სურათი, არამედ კვლევის ცდომილების ზღვარიც და ის მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

„Survation“-ის განცხადებით, ცდომილების მაჩვენებელი 3%-მდეა.

IRI-მ თავის კვლევაში წარმოადგინა მთელი შერჩევის მონაცემები და Survation“-იც ასე უნდა მოქცეულიყო. ეს იქნებოდა უფრო პატიოსანი. მათ კი 42%-ზე მეტი გამოკითხულის პოზიცია უბრალოდ გადაყარეს? ეს არის 1200-დან თითქმის 520 გამოკითხული. ძალიან დიდია ეს რიცხვი.

იყო კიდევ მეორე გზა, რომ, თუკი კითხვარი შესაძლებლობას იძლეოდა, მკვლევარებს უნდა მიემართათ ალოკაციის მეთოდისთვის და რესპონდენტთა პასუხები საკონტროლო კითხვებით დაეზუსტებინათ“, – გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი.

ის ადასტურებს, რომ შერჩევის სრული მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, რეიტინგული მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდებოდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG