Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალია ახალ შეზღუდვებს აწესებს


დღეიდან, 17 აგვისტოდან იტალიაში დაიკეტა ყველა ღამის კლუბი და დისკოთეკა. მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ახალგაზრდებს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას განცხადებით, აკრძალვა სულ მცირე 7 სექტემბრამდე მოქმედებს და ღია ცის ქვეშ არსებულ დისკოთეკებზეც ვრცელდება.

გარდა ამისა, საღამოს ექვსიდან დილის ექვს საათამდე დამცავი ნიღბების გამოყენება სავალდებულო ხდება ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებსა და ხალხმრავლობის შემთხვევაში, კაფეების და რესტორნების წინ, ღია სივრცეშიც.

მაისის ბოლოდან აგვისტოს პირველ რიცხვებამდე იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად იყო შემცირებული და 115-დან 400-მდე მერყეობდა. ბოლო ათი დღეა პერიოდულად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების 500-600 ახალი შემთხვევა.

17 აგვისტოს დილის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 254 000-ს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 35 300-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG