Accessibility links

მალის პრეზიდენტი გადადგა სამხედროების ამბოხების შედეგად


იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტა მალის პრეიზიდენტის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა

სამხედროთა ამბოხების შედეგად გადადგა მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტა. მან მთავრობა და პარლამენტიც დაითხოვა. სატელევიზიო მიმართვისას კეიტამ განაცხადა, რომ ხელისუფლების სათავეში დასარჩენად სისხლისღვრა არ სურს. კეიტა მალის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.

ამბოხება 18 აგვისტოს დაიწყო მალის დედაქალაქ ბამაკოსთან მდებარე კატის სამხედრო ბაზიდან. შეიარაღებულმა ოფიცრებმა გენერალ კამარას და პოლკოვნიკ დიაუს მეთაურობით, სარდლობა დააპატიმრეს და დედაქალაქისკენ დაიძრნენ. მეამბოხეებმა შტურმით აიღეს სამთავრობო რეზიდენცია და პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები დააპატიმრეს.

სამხედრო ბაზიდან დაწყებული ამბოხების კონკრეტული მიზეზი და მასში მონაწილე ოფიცრების და ჯარისკაცების მეტნაკლებად ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ამბოხება დაგმეს „აფრიკის კავშირის“ და „დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამეგობრობის“ ქვეყნებმა. მალის ხელისუფლების პირველი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მოითხოვდა გაეროც.

მალის ოპოზიციურმა მოძრაობამ, „პატრიოტულ ძალთა გაერთიანებამ“, რომელიც მარტიდან მართავდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, მომხდარი შეაფასა არა სამხედროების ამბოხებად, არამედ სახალხო აჯანყებად.

მალიში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპარლამენტო არჩევნების დროს ზოგიერთ უბანზე მიცემული ხმები და შედეგად, პრეზიდენტ კეიტას პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა. ივნისსა და ივლისში აქციები უფრო მასშტაბური გახდა. დემონსტრანტები მოსახლეობის გაღარიბებას, კორუფციის ზრდას და ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურებას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მალის ხელისუფლება აქციების დასაშლელად ძალას იყენებდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს 2013 წლის რეზოლუციის შესაბამისად, ევროკავშირი მალიში ახორციელებს მისიას, რომლის მიზანია შეიარაღებული ძალების წვრთნა, რათა მათ ეფექტურად შეძლონ მალის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

საქართველო მალიში მიმდინარე მისიაში 2016 წლის იანვრიდან მონაწილეობს მეკავშირე ოფიცრით, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ევროკავშირის სხვა მისიებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG