Accessibility links

მარინა ეზუგბაია: ჩვენ არ ვწყვეტთ პაციენტების მიღებას, ვაჩერებთ სტაციონარში მიღებას


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მათმა კლინიკამ პაციენტების მხოლოდ სტაციონარში მიღება შეწყვიტა. ასე დააზუსტა მან გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია ამ კლინიკის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება.

"ჩვენ არ ვწყვეტთ პაციენტების მიღებას, ჩვენ დროებით შევაჩერეთ პაციენტების მიღება. ეს არის კოვიდინფიცირებულებისა და აივ-შიდსის სტაციონალური პაციენტები. აივ-შიდსისა და სხვა წარმოშობის ინფექციების მქონე პაციენტების მიღებას ვაგრძელებთ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, მოსახლეობას და მათ საერთო მიზანი აქვთ, კლინიკამ შეძლოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა:

"ჩვენი მიზანი და მოსახლეობის ინტერესი თანხვედრაშია, ჩვენს ცენტრში მოსახლეობამ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. მისი განუყოფელი ნაწილია სამედიცინო პერსონალის მაღალპროფესიონალიზმი, რომელიც არაერთხელ დაგვიდასტურებია. მაღალპროფესიონალიზმთან ერთად ხარისხისთვის აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა. ეს არის გადაუდებელი საჭიროება, ისიც, რაც შეიძლება მალე".

გუშინ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ მძიმე პირობების გამო კლინიკა იძულებული იყო პაციენტების მიღება შეეწყვიტა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო საქართველოში კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი მთავარი კლინიკაა. დაწესებულება წლებია, პაციენტებს იღებს იჯარით აღებულ და მოუწესრიგებელ შენობაში, რომელშიც ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG