Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაღარიბება კორონავირუსის დროს: რა გავლენა ექნება პანდემიას ბავშვთა სიღარიბეზე?


21 აგვისტოს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF ) გამოაქვეყნა მოსახლეობის და განსაკუთრებით, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების შემცირება სიღარიბეს გაზრდის.

თუმცა გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფულადი დახმარებებით შესაძლებელი გახდება სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება.

გაეროს გამოთვლებით, ეკონომიკური აქტივობების შემცირების გამო, მსოფლიოში, შესაძლოა, დაახლოებით 42-66 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი გაანგარიშების თანახმად კი, პანდემიის შედეგად მოსალოდნელია მსოფლიო მასშტაბით 195 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა.

რა შეიძლება მოხდეს საქართველოში?

ანგარიშის თანახმად:

  • კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის სიღარიბის დონე (166 ლარი თვეში ზრდასრულ პირზე) 21.7 -დან 24 პროცენტამდე გაიზარდოს დაბალი შოკის შემთხვევაში. 26 პროცენტამდე - საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.
  • ასევე მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე საბაზისო 27.6 პროცენტიდან დაბალი შოკის შემთხვევაში, გაიზრდება 30.8 პროცენტამდე, საშუალო შოკის შემთხვევაში - 32.7 პროცენტამდე, ხოლო 37.8 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.
  • პანდემიისგან მიღებული შოკის გამო, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად
  • უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება.
  • ხოლო მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდება კორონავირუსის პანდემიის წინაშე ყველაზე დაუცველ შინამეურნეობებში,რომლებსაც ისედაც მწირი დანახარჯები აქვთ.

შემუშავდა სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარების 24 ჰიპოთეტური მოდელი, რომლის გამოყენებით, სიღარიბის მაჩვენებლების ხელახლა გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ:

სავარაუდოდ, სიღარიბე შეიძლება შემცირდეს მოსახლეობის იმ უღარიბეს 40%-ზე მიმართული პოლიტიკისა და დახმარების პირობებში, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის სისტემით გათვალისწინებულ პროგრამებში.

მაგრამ საქმე ის არის, რომ მოსახლეობის ამ ნაწილის იდენტიფიცირებას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება.

ამ ანგარიშის თანახმად, 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.

და მესამე დასკვნა - ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე პირებისათვის.

მაგალითად, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ფულადი დახმარების შედეგად შესაძლებელია სიღარიბის შემცირება მოსალოდნელი 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე.

ამ ვითარებაში გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • გასამართია უკვე გაცემული დახმარებების ოდენობა, რომ უფრო დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე ადამიანებმა არ მიიღონ უფრო ნაკლები ვიდრე ახლად შემოდინებულ და ბევრად მაღალი სარეიტინგო ქულების მქონე პირებმა;
  • სისტემაში გაზრდილი შემოდინების სამართავად აუცილებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების გაძლიერება;
  • მიზნობრივ სოციალურ დახმარებას დაემატოს სხვა სოციალური ტრანსფერები იმისათვის, რომ გრძელვადიანად მოხდეს დაზარალებული მოსახლეობის მეტი წილის დაფარვა;
  • საჭიროა მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფორმულის გადასინჯვა, რომ გათვალისწინებული იყოს ახლად წარმოქმნილი მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობის პირობები, რაც, სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება ტრადიციული ბენეფიციარების პირობებისგან.

კვლევა "იუნისეფის" დაკვეთით განახორციელა Development Analytics-მა, ხოლო მიკრო სიმულაციაში მონაცემების ძირითად წყაროდ გამოყენებულია საქართველოში 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, რომელშიც 4697 შინამეურნეობა მონაწილეობდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG