Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაშაული და სასჯელი


"მიცვალებული მოდის” (აშშ, 1995, Dead Man Walking რეჟისორი ტიმ რობინსი)

ამ კვირაში შონ პენს 60 წელი შეუსრულდა. უნდა გამოვტყდე, რომ არა ვარ მისი არტისტული ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი და არც მის პოლიტიკურ აქტიურობას ვგულშემატკივრობ. შონ პენის, როგორც რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმებში, ჩემი აზრით, პრეტენზიულობა ყველაფერს სჭარბობს - ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარს, კინემატოგრაფიკული სახიერების შეგრძნებას, მაგრამ შონ პენს იმას მაინც არ დავუკარგავ, რომ გაბედა და ჰარვი მილკის როლი ითამაშა, იმასაც, რომ 2008 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ ჟიურის სხვა წევრებთან ერთად გადალახა კონიუნქტურა და “ოქროს პალმა” ფრანგი რეჟისორის, ლორან კანტეს, “კლასს” მიანიჭა. და რაც მთავარია, ჩემთვის შონ პენი დარჩება როგორც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ტიმ რობინსის ფილმში “მიცვალებული მოდის”, ამერიკული კინოს შედევრში, რომელიც დარწმუნებული ვარ არ დაძველდება, სანამ დედამიწაზე სადმე, რომელიმე ქვეყანაში, ისევ დასჯიან ადამიანებს სიკვდილით.

ამ ფილმში არის ყველაფერი, რაც ამერიკულ კლასიკურ კინოს გამოარჩევს - დაძაბული სიუჟეტი (ფილმის პირველივე კადრიდან დამქანცველი ექსპოზიციის გარეშე), სოციალური და პოლიტიკური სიმწვავე, გამოხატვის უბრალოება და, რაც განსაკუთრებით მხიბლავს ამერიკულ კინოკლასიკაში, მაყურებლის, როგორც თანასწორის მიმართ ავტორის დამოკიდებულება. ასეთი თანასწორობა, თავის მხრივ, რეჟისორს აძლევს საშუალებას თავისუფლად მიმართოს პუბლიკის მანიპულაციას, ერთგვარად “ათამაშოს” იგი ისე, რომ მაყურებელი არათუ არ გაღიზიანდეს, პირიქით, გარკვეული ესთეტიკური სიამოვნებაც კი მიიღოს მანიპულაციისგან. ამბავი სიკვდილმისჯილ მამაკაცზე, რომელიც ფილმის ფინალამდე არ აღიარებს დანაშაულს, სურათის მსვლელობის პროცესში რამდენჯერმე იცვლის მიმართულებას. სიუჟეტის ყოველი ეს შემოტრიალება, მოულოდნელი მოსახვევები იმდენად ძაბავს მაყურებელს, რომ ფინალში, როცა შონ პენის გმირს, მეთიუ პონსოლეტს, სიკვდილით დასჯისთვის ამზადებენ, პუბლიკამ დაგროვილ ემოციებს შეიძლება ვეღარ გაუძლოს... მაყურებელს არა იმდენად ებრალება სიკვდილმისჯილი, რამდენადაც ბრაზობს ადამიანის დასჯის იმ საზარელ რიტუალზე, რომელიც ოფიციალურად ჯერაც არ გაუუქმებიათ შეერთებულ შტატებში.

1995 წელს ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაემთხვა სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ მოძრაობის გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. ამიტომაც ბუნებრივია, რომ როკ-მუსიკის ვარსკვლავები სიამოვნებით დათანხმდნენ ტიმ რობინსს ჩაეწერათ ალბომი, რომელიც ფილმის პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გაიყიდებოდა.

ამ ალბომიდან ფილმში ორი მუსიკალური მარგალიტი შევიდა, ნუსრატ ფატეჰ ალი ხანისა და ედი ვედერის შესრულებით. ბრუს სპრინგსტინის სიმღერას, საერთოდ, ფილმის სახელი დაერქვა, “მიცვალებული მოდის” ( ასეთი შეძახილით იუწყებოდა ციხის დაცვა ამერიკაში სიკვდილმისჯილის გადაადგილებას კამერის გარეთ), თუმცა სიკვდილით დასჯის მიმართ პროტესტი გამოხატეს და სიმღერები ჩაწერეს სხვა მუსიკოსებმაც, მათ შორის ჯონი კეშმა, სიუზან ვეგამ, ტომ ვეიტსმა. რობინსის ფილმის საუნდტრეკი ერთ-ერთი საუკეთესოა იმათ შორის, რაც ოდესმე მომისმენია. ესაა მუსიკალურ-პოლიტიკური აქცია, ერთგვარი აკომპანემენტი ფილმისა, რომელიც სიკვდილით დასჯის, შესაძლებელია, ყველაზე თანმიმდევრულ, ყველაზე დასაბუთებულ მხილებას წარმოადგენს კინოხელოვნების ისტორიაში.

ფილმის გადაღების იდეა თავიდან ტიმ რობინსის მაშინდელ მეუღლეს, მსახიობ სიუზან სარანდონს დაებადა (სარანდონი აქტიურად იყო ჩართული სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მოძრაობაში). მან შესთავაზა რობინსს დაეწერა სცენარი კათოლიკე მონაზვნის, ჰელენ პრეჯინის, ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით. პრეჯინი, რომელიც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იბრძვის, ამავე დროს, სიკვდილმისჯილის სულიერი მრჩეველია, - შეიძლება ითქვას, დამნაშავის მეგზურია ჯერ მონანიების და შემდეგ სიკვდილთან შეხვედრის გზაზე. მონანიებამ უნდა დაუბრუნოს მკვლელს ღირსება, სიკვდილით დასჯის მომხრეებს კი შეახსენოს, რომ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, სულიერი (!) არსებაა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ სიკვდილით დასჯის მომხრეებმა უნდა იცოდნენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაემსგავსებიან იმას, ვის დასჯასაც მოითხოვენ - თავად გადაიქცევიან მკვლელებად.

სიუზან სარანდონი, რომელიც ფილმში ჰელენ პრეჯინის როლს ასრულებს, “ოსკარით” დაჯილდოვდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (“ოსკარზე” წარდგენილი იყვნენ შონ პენი და ფილმის რეჟისორი, ტიმ რობინსი). ფილმის პირველ ნახევარში ჩვენ მხოლოდ ვეცნობით მის ისტორიას, ერთგვარად გარედან ვაკვირდებით სენ ტომასის სკოლის მასწავლებელს, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა. მაგრამ სურათის იმ სცენიდან, როცა პრეჯინი ლუიზიანის ციხეში შედის სიკვდილმისჯილის გასაცნობად, მაყურებელი, ფაქტობრივად, სარანდონის გმირთან ერთად იწყებს თანაარსებობას. რეჟისორი და მსახიობი ყველაფერს აკეთებენ, რათა სწორედ სარანდონის მზერით, მისი “ხედვის კუთხით” დავაკვირდეთ ადამიანს, რომელსაც მართლმსაჯულება სიცოცხლის უფლებას ართმევს. კი, ფილმში ზოგჯერ ზედმეტია ჰელენ პრეჯინის ახლო ხედი, სარანდონის თამაში დროდადრო თეატრალურობასაც არაა მოკლებული, მაგრამ ავტორების სურვილი ის კი არაა, რომ მოვიხიბლოთ პერსონაჟით, არამედ მასთან ერთად ვაიძულოთ შონ პენის გმირი მოინანიოს დანაშაული... დიახ, სწორედ მოინანიოს და არამხოლოდ აღიაროს.

კარგ კინოში ასეა ყოველთვის. იმისათვის რომ გმირი გადარჩეს, მაყურებელი ლამის ლოცვას იწყებს ხოლმე, რათა დაეხმაროს პერსონაჟს. მაგრამ ტიმ რობინსის ფილმში ეს “გადარჩენა” უფრო მეტია, ვიდრე პერსონაჟის სიცოცხლის ხსნა. აქ მაყურებელი ჰელენ პრეჯინთან ერთად პერსონაჟის სულიერ გადარჩენაზე ლოცულობს. მონაზონი ეუბნება სიკვდილმისჯილს, რომ იქნება “ქრისტეს სახე”, რომელსაც ის ბოლო წამს დაინახავს. წარმოგიდგენიათ რამხელა პრეტენზიაა? სარანდონმა ისე უნდა ითამაშოს, რომ ჩვენთვისაც, მაყურებლისთვისაც, ეს “ქრისტეს სახე” გახდეს. მეეჭვება შემედავოთ: სუზან სარანდონი ამ ამოცანას ბრწყინვალედ ასრულებს.

ფილმის ერთ ეპიზოდში მონაზონს ციხის ბადრაგი ჩააცივდება: “ - მე მაინტერესებს, რას აკეთებს მონაზონი ციხეში? მართლა იცით, რა ჩაიდინა ამ კაცმა? მართლა იცით, როგორ დახოცა ის ბიჭები?”... ამ კითხვაზე სარანდონის გმირი მოკლედ და ძალიან კატეგორიულად უპასუხებს: “დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, საზარელია... მაგრამ, სიკვდლით ვსჯით მხოლოდ იმის სათქმელად, რომ მკვლელობა ცუდია?”

გამოდის, რომ სიკვდილით დასჯა არა მარტო ამორალურია, რადგან ადამიანს “ისე კლავენ როგორც ბებერ ცხენს” (ამ სიტყვებს ფილმში ადვოკატი ამბობს), არამედ არაეფექტურიც. ამდენი საუკუნეა ადამიანებს სიკვდილით სჯიან, მაგრამ დანაშაულის პრობლემას სიკვდილით დასჯა ვერ წყვეტს. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული მოსამართლეებმა შეცდომა დაუშვან (ასეც მომხდარა), მაშინ შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. ადამიანი მართლმსაჯულებას უკვე მოკლული ჰყავს.

თუმცა მართლმსაჯულება იქით იყოს. განსაკუთრებით შემზარავია, როცა სიკვდილით დასჯის აღდგენას დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, საზოგადოება მოითხოვს ხოლმე, უბრალოდ - ადამიანები. “ეგეთი უნდა ჩააძაღლო!”, “ეგეთი ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა ჩამოახრჩო”... ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად გაისმის ეს ფრაზები საქართველოში. მოდით, ვთხოვოთ ამ ხალხს ნახონ “მიცვალებული მოდის”. თუკი გვჯერა, რა თქმა უნდა, რომ ადამიანი “ბოლო წუთამდე” შეიძლება შეიცვალოს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG