Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ავიაკომპანიების წინადადებას, არსებობის შემთხვევაში, საქართველო განიხილავს


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თუკი რუსული ავიაკომპანიები ფრენებთან დაკავშირებით მიმართავენ, საქართველო ამას განიხილავს, მაგრამ არა მხოლოდ ტურისტულ კონტექსტში. თურნავას, განმარტებით, აქამდე მსგავსი სურვილი არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. ამის შესახებ ნათია თურნავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რითიც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინტერვიუს. ინტერვიუში ის აცხადებს, რომ სურს იმედი იქონიოს, რომ საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

„თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალიწინებითაც. არ მინდა რაიმე პროგნოზების გაკეთება, რადგან საკითხი კომპლექსურია, ერთი რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, გადაწყვეტილება იქნა თუ არა მიღებული ამ ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეპიდემიოლოგიასთან. დღესდღეობით, საკმაოდ რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ ველოდებით, რომ ყველგან ეს სიტუაცია დასტაბილურდეს, რადგან ჩვენი სამეზობლო იყო ერთ- ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი ტურიზმის განვითარებაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება თავის დროზეც მიზანშეწონილი არ იყო, ვინაიდაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს საფრთხე ისედაც არ ემუქრებოდათ.

"ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როცა რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, რომ იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა, რადგან არც მაშინ და არც შემდგომში არასოდეს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არაფერი ემუქრებოდათ საქართველოში და აბსოლუტურად უსაფრთხო იყო და არის ჩვენი გარემო“.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG