Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ხელმეორედ არჩევისთვის იბრძვის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე


დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია.

24 აგვისტოს დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან. კანდიდატად წარდგენის ცერემონია გაიმართა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ქალაქ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ჩამორჩება მეტოქეს, ისევე როგორც ეს იყო 2016 წელს, როდესაც ტრამპმა სახტად დატოვა უამრავი ანალიტიკოსი და ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ თეთრ სახლში შეაბიჯა.

კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარს მომდგარ არჩევნებში, რომლის შედეგების პროგნოზირება წარმოუდგენლად რთულია.

2020 წლის თებერვალში, როდესაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ძალას იკრებდა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გზაზე რამდენიმე დაბრკოლება აღიმართა.

წლის დასაწყისში მან გადაიტანა იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც მოჰყვა ბრალდებებს, თითქოს ტრამპმა ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და შეაჩერა სამხედრო დახმარება, რათა კიევს დაეწყო გამოძიება დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის, წინააღმდეგ.

პორტრეტი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:19 0:00

მაგრამ ორწლიანი გამოძიება, რომელსაც უნდა დაედგინა რუსეთსა და დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიას შორის ფარული კავშირები, ყოველგვარი სისხლის სამართლის ბრალდების გარეშე დასრულდა.

ამის შემდეგ იერიშზე გადავიდა დონალდ ტრამპის ოფისი, რომლის თანახმად, რუსეთის თაობაზე მიმდინარე გამოძიებამ გაამყარა პრეზიდენტის თვალსაზრისი, რომ ეს იყო „კუდიანებზე ნადირობა“.

ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ის ეკონომიკა ძლიერია, უმუშევრობა აღწევს 50 წლის წინანდელ მინიმუმს - 3,5 %-ს, იზრდება შრომის ანაზღაურება, დაბალ ნიშნულზეა საპროცენტო განაკვეთები და რეკორდებს ხსნიან საფონდო ინდექსები.

და იყო ბერნი სანდერსი, - როგორც საკუთარ თავს უწოდებს, სოციალ-დემოკრატი, - რომელმაც პრეტენზია განაცხადა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობაზე. სანდერსის გამარჯვება ნომინაციაში, ანალიტიკოსების ვარაუდით, დემოკრატებს დააკარგვინებდა ბევრ დამოუკიდებელ ამომრჩეველს და ნოემბერში გამარჯვებას ტრამპს მოუტანდა (თუმცა სანდერსიც და დემოკრატების სხვა მთავარი პრეტენდენტები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში უსწრებდნენ მოქმედ პრეზიდენტს).

მაგრამ შემდეგ გამოჩნდა „უხილავი მტერი“, როგორც ტრამპმა უწოდა კორონავირუსს, და ყველაფერი, დაწყებული ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივითა და დამთავრებული საგარეო პოლიტიკით - მათ შორის მთელი საარჩევნო კამპანიის საქმე - თავდაყირა დადგა.

თავდაპირველად, როდესაც თებერვალში აშშ-ში პირველი გარდაცვლილების შესახებ გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპმა სათანადოდ არ შეაფასა კორონავირუსი და განაცხადა, რომ ხელისუფლებას „ყველაფერი კონტროლზე ჰყავდა“ აყვანილი.

მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში აშშ აღმოჩნდა კორონავირუსისგან ყველზე მეტად დაზარალებული ქვეყანა, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის თვალსაზრისით.

პანდემიამ აშშ-ში გამოიწვია ასევე სწრაფი ზრდა უმუშევრობისა, რამაც ლამის 15 %-ს მიაღწია აპრილში, როდესაც გაჩერდა ყველანაირი ბიზნესი, მათ შორის დაიხურა მაღაზიები, რესტორნები და სასტუმროები.

მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა აგვისტოში 10 %-მდე შემცირდა, მთლიანობაში, აშშ-ში ეკონომიკის პერსპექტივა კვლავაც არასახარბიელოდ გამოიყურება კორონავირუსის ახალ-ახალი შემთხვევების გამო, ეკონომიკურ აქტიურობასთან ერთად რომ მატულობს ქვეყანაში.

თუ კრიტიკოსები თითს ტრამპისკენ იშვერენ, რომელმაც, მათი თქმით, დააგვიანა რეაგირება პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და, მათ შორის, ნიღბების ტარებასაც კი დაჟინებით არიდებდა თავს, თავად ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დააკისრა ჩინეთს, რომელთანაც იზრდება დაძაბულობა, როგორც მოწინააღმდეგე ქვეყანასთან, რომელიც ჯაშუშობასა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაშიც არის დადანაშაულებული.

პანდემიას დაერთო აფრო-ამერიკელი კაცის, მცირე დანაშაულის გამო დაკავებული ჯორჯ ფლოიდის, სიკვდილი მინესოტის პოლიციის მიერ მისი ძალადობრივი დაკავების შედეგად.

ვიდეოზე გადაღებული სასტიკი მკვლელობის კადრები უმალ გადაიზარდა მრავალკვირიან საპროტესტო გამოსვლებში, რაც მიმართული იყო წლობით დაგროვებული მანკიერების - აფრო-ამერიკელებისა თუ სხვა უმცირესობებისადმი პოლიციის თანამშრომელთა სასტიკი მოპყრობის - წინააღმდეგ.

ჯორჯ ფლოიდის ფოტო მხარდაჭერის წარწერებით. ვაშინგტონი, 2020 წ. ივნისი.
ჯორჯ ფლოიდის ფოტო მხარდაჭერის წარწერებით. ვაშინგტონი, 2020 წ. ივნისი.

უამრავი ადამიანი ყურადღებას ამახვილებდა სისტემური რასიზმის პრობლემაზე და მოითხოვდა პოლიციის რეფორმირებას, მაგრამ, ვინაიდან ზოგიერთი საპროტესტო გამოსვლის დროს იყო ძალადობისა და მაროდიორობის შემთხვევები, დონალდ ტრამპმა თავი წარმოაჩინა როგორც პოლიციის და „წესრიგისა და კანონის“ მომხრემ.

იმავდროულად, დემოკრატებმა მოახდინეს კონსოლიდაცია ზომიერი პოლიტიკოსის, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, გარშემო, რომელიც მომავალ არჩევნებში უფრო საშიშ მეტოქედ ჩაითვალა ტრამპისათვის, ვიდრე სანდერსი.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

პანდემიამ სხვა მხრივაც ჩიხში შეიყვანა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია - აშშ-ის პრეზიდენტი ვერ იყენებს თავის მთავარ ძალას და ვერ ატარებს დიდი ენერგიით დამუხტულ მიტინგებს ხალხმრავალ სტადიონებზე, მაშინ როცა კორონავირუსი ბაიდენს დაეხმარა თავიდან აეცილებინა ერთდროულად რამდენიმე დიდი შეხვედრის გამართვა, რაც მის ყველაზე დიდ სისუსტეს წარმოადგენს.

აგვისტოს შუა რიცხვებში, არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე, 25,3 %-მდე შემცირდა იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ აშშ სწორ გზაზე დგას. შედარებისათვის: ეს ციფრი თებერვლის შუა რიცხვებში 39,3 % -ს შეადგენდა, რაც კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ტრამპის ხელმეორედ არჩევის შანსებს.

მაგრამ ზოგიერთები არ კარგავენ მისი გამარჯვების იმედს.

ოჯახის ისტორია

დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის კუინსის უბანში დაიბადა. ის ფრედ და მერიენ ტრამპების მეოთხე და ყველაზე უმცროსი შვილია.

ფრედ ტრამპი ნიუ-იორკის ერთ-ერთი წარმატებული უძრავი ქონების დეველოპერი იყო. მისი აშენებულია კუინსსა და ბრუკლინში მდებარე საშუალო ფენის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ათასობით სახლი. ფრედ ტრამპი 1999 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ დროისთვის მისი ქონების ღირებულება ასობით მილიონ დოლარს შეადგენდა.

დონალდ ტრამპი მამის გზას გაჰყვა და ისიც უძრავი ქონების ბიზნესში ჩაერთო, მაგრამ, მამისგან განსხვავებით, დონალდის მიზანი იყო ნიუ-იორკის მთავარ უბანსა და ბიზნესის ცენტრში, მანჰეტენზე, მოღვაწეობა.

მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ფულით ტრამპის პირველი ნაბიჯი მანჰეტენის ორმოცდამეორე ქუჩაზე მდებარე ძველი სასტუმრო Commodore-ს რესტავრაცია გახლდათ. სწორედ ამ პროექტით შეაბიჯა ტრამპმა მანჰეტენის უძრავი ქონების ბიზნესში. ამის შემდეგ ტრამპმა მრავალი კაზინო და ძვირფასი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა ნიუ-იორკის მდიდარი მოსახლეობისთვის.

ტრამპმა მანჰეტენზე მოღვაწეობა ყველაზე ხელსაყრელ დროს დაიწყო. 1977 წელს, როცა ნიუ-იორკი ეკონომიკური დაღმასვლის პირას იყო მისული, ტრამპმა სასტუმრო Commodore დაბალ ფასად შეიძინა.

1980-იან წლებში, ეკონომიკის აღმასვლის ჟამს, ტრამპმა დიდი სარგებელი ნახა.

სწორედ მაშინ გამოიმუშავა შოუმენისა და self-promoter-ის ის თვისებები, რომელთა როლიც ესოდენ დიდი იყო 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპის გამარჯვებაში.

დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) მამამისთან, ფრედ ტრამპთან ერთად. 1968 წ.
დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) მამამისთან, ფრედ ტრამპთან ერთად. 1968 წ.

1987 წელს წარმატების მწვერვალად იქცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნის, Art Of The Deal-ის, გამოცემა, რომელიც მალე ბესტსელერი გახდა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპმა ყველა თავისი პროექტი დიდი ვალებით განახორციელა, რამაც მისი შექმნილი იმპერია რისკის წინაშე დააყენა.

1990-91 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს ტრამპის ნიუ-ჯერსის კაზინოები გაკოტრდა.

ამას ისიც დაემატა, რომ 1990-2000 წლებში ამერიკაში აზარტული თამაშები ლეგალური გახდა, რამაც ტრამპის კაზინოებს კონკურენტები გაუჩინა.

ტრამპმა სტრატეგია შეცვალა და ფულის სესხებისა და უძრავი ქონების შენების მაგივრად თავისი ბრენდის სახელი სხვადასხვა უძრავი ქონების მფლობელებს მიაქირავა, საიდანაც დიდძალი შემოსავალი მიიღო. ამის შემდეგ ტრამპმა მდიდრული დასასვენებელი კურორტების შეძენასა და იქ გოლფის მოედნების აშენებას მიჰყო ხელი.

ორიათასიანი წლების დასაწყისში ტრამპმა შექმნა საკუთარი სატელევიზიო შოუ სახელად “The Apprentice” („შეგირდი“), სადაც ის კონკურსანტების ბიზნესუნარებს აფასებდა. ამ შოუმ ტრამპს დიდი პოპულარობა მოუტანა ამერიკასა და ამერიკის გარეთ. შოუ ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა პოპულარობით არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

2016 წლის კამპანია

2015 წელს დონალდ ტრამპის პირველი განცხადება, რომ განზრახული აქვს პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს 2016 წელს, ფუჭი ვაზნის გასროლას ჰგავდა.

პოლიტიკურად გამოუცდელი და დებატებში მოუთელავი უძრავი ქონების მაგნატი და რეალიტი-შოუს ყოფილი წამყვანი დაუპირისპირდა პოლიტიკურ პოსტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მძიმეწონოსან რესპუბლიკელებს.

მაგრამ მისი საუბრის აგრესიული და პრიმიტიული მანერა, პოპულისტურ მესიჯთან - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - ერთად, ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო უამრავ ადამიანს იზიდავდა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ამერიკის მუშათა კლასში შეინიშნებოდა ანაზღაურების უმნიშვნელო მატება, მაშინ როცა კიდევ უფრო გამდიდრდნენ მოსახლეობის მეტად უზრუნველყოფილი ფენები, რამაც შემოსავლის განაწილების მხრივ კიდევ უფრო დიდი უთანასწორობა წარმოშვა.

ტრამპი, რომელიც ამაში ცუდ სავაჭრო ხელშეკრულებებსა და არალეგალურ მიგრაციას ადანაშაულებდა, პირობას დებდა, რომ გადახედავდა ადრე ხელმოწერილ შეთანხმებებს და მექსიკის საზღვარზე კედელს ააგებდა არალეგალური მიმოსვლის აღსაკვეთად.

მან შეუტია ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც სათანადო თანხებს არ იხდიან თავდაცვის ბიუჯეტში, და გააკრიტიკა ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე აშშ-ის სამხედრო ოპერაციები, რისთვისაც, მისი თქმით, ქვეყანა მილიარდობით დოლარს ხარჯავდა.

პოლიტიკურად ერთობ სადავო ჩანდა მისი განცხადებული განზრახვა რუსეთთან, იმ ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე, რომელიც ორი წლის წინ შეიჭრა უკრაინაში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ტრამპი აცხადებდა, რომ მოახერხებდა საერთო ენის გამონახვას ვლადიმირ პუტინთან.

დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი პირველი საპრეზიდენტო დებატებისას. 2016 წ. 26 სექტემბერი.
დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი პირველი საპრეზიდენტო დებატებისას. 2016 წ. 26 სექტემბერი.

პრაიმერიზში ტრამპმა სასტიკად დაამარცხა თავისი რესპუბლიკელი კონკურენტები და დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად, რითაც შეაძრწუნა პარტიის ხელმძღვანელობა და ბევრი ამერიკელი.

2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფდა, რომ იგი ბევრად ჩამორჩებოდა თავის დემოკრატ მეტოქეს, ჰილარი კლინტონს, ნიუ-იორკის ყოფილ სენატორსა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელმწიფო მდივანს.

მართალია, კლინტონმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა საყოველთაო არჩევნებში ისეთ მჭიდროდ დასახლებულ შტატებში, როგორიცაა კალიფორნია და ნიუ-იორკი, მაგრამ უფრო მეტ შტატში გამარჯვება წილად ხვდა დონალდ ტრამპს, რამაც ათწლეულობის ყველაზე დაძაბულ არჩევნებში უზრუნველყო მისი არჩევა ქვეყნის პრეზიდენტად.

რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიება

ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ტრამპის ინაუგურაცია გაიმართებოდა, დადიოდა ხმები მის არჩევაში დახმარების მიზნით რუსეთის ჩარევის შესახებ, რაზეც რამდენიმე თვეში გამოძიება დაიწყო.

პრეზიდენტის პოსტზე პირველი ორი წლის განმავლობაში ტრამპს ლანდივით თან დასდევდა გამოძიება, რომელიც ცდილობდა დაედგინა, ხომ არ ჰქონდა მის საარჩევნო შტაბს 2016 წლის არჩევნების წინ მოსკოვთან ფარული კავშირი, რასაც ტრამპი უწოდებდა „კუდიანებზე ნადირობას“ და „სიცრუეს“.

კრიტიკოსების თქმით, რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოძიება ჩრდილს აყენებდა მისი, როგორც პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას და ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ამ თემაზე დაზვერვის ზოგიერთი თანამშრომლისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხმაურიანი განცხადებებისთვის.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ მიულერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ გამოძიებას, 2019 წლის დასაწყისში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი, ტრამპისათვის დახმარების განზრახვით, მართლაც შეეცადა ჩარეულიყო არჩევნებში მწვავე პოლიტიკური საკითხების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებითა და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის (DNC) სერვერებში ჰაკერული გზით შეღწევის გზით.

რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი

მაგრამ სპეციალურმა კომისიამ ვერ იპოვა მტკიცებულება იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობა მოსკოვთან ყოფილიყო კოორდინირებული.

თუმცა რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიების დასკვნამ 2019 წლის დასაწყისში ტრამპი მორიგ სკანდალში გახვია.

2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა სთხოვა უკრაინის ახლად არჩეულ ლიდერს „დაედო მისთვის პატივი“ და მხედველობაში მიეღო მოსაზრება, რომ არა რუსმა, არამედ უკრაინელმა ჰაკერებმა გატეხეს DNC-ის სერვერები.

ტრამპმა ასევე სთხოვა ზელენსკის, რომ გამოეძიებინა ბაიდენის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები, რომლის თანახმად, ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს ჯო ბაიდენმა უკრაინის ხელისუფლებას გადააყენებინა ქვეყნის გენერალური პროკურორი, რათა ამით დაეცვა თავისი შვილი. ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი კიევში მოქმედი იმ გაზის კორპორაციის, „ბურისმა ჰოლდინგის“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, რომლის საქმესაც იმხანად გენერალური პროკურატურა იძიებდა.

იმავდროულად, ტრამპმა გაყინა უკრაინისათვის განკუთვნილი 390 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება.

ერთ-ერთმა ინფორმატორმა კონგრესის ხელმძღვანელობას უამბო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე, რათა დაეწყო გამოძიება ტრამპის პოტენციური დემოკრატი მეტოქის, ჯო ბაიდენის, წინააღმდეგ, რაც პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა - პირველად ბოლო ოცი წლის განმავლობაში. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მას იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ტრამპი, რომელიც ამბობდა, რომ „ბრწყინვალე სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა ზელენსკისთან, გადაურჩა იმპიჩმენტის პროცესს სენატში, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ.

უკრაინის ხელისუფლებამ უარყო მოსაზრება, თითქოს გენერალური პროკურორი იმისთვის მოეხსნათ, რომ შემწყდარიყო გამოძიება „ბურისმისა“ და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. მაგრამ ჯერ კიდევ მოელიან, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ამ საკითხს გამოიყენებს ბაიდენზე თავდასხმისთვის.

იმავდროულად, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს, შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აშშ-მა ის დამნაშავედ ცნო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ინტერესების უკანონო ლობირებისა და საფინანსო ხასიათის დანაშაულებებისთვის უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად მუშაობისას 2004-2010 წლებში.

ურთიერთობა ვლადიმირ პუტინთან

ყველაფრის მიუხედავად, ტრამპმა მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარებას ლეტალური იარაღით, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინით“, რის გაკეთებასაც უფრთხოდა ობამას ადმინისტრაცია.

ხოლო პუტინისადმი ტრამპის მოჩვენებით მეგობრულ დამოკიდებულებას არავითარი პოლიტიკური დივიდენდი არ მოუტანია კრემლის ლიდერისათვის, რომელიც ზიზღს იმსახურებს ავტორიტარული მმართველობის, საერთაშორისო დონეზე სამხედრო ავანტიურებისა თუ ამერიკულ არჩევნებში ჩარევისათვის.

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ტრამპმა ვერ შეძლო მკაცრი პოზიციის დაკავება რუსეთის მიმართ აშშ-ის არჩევნებში ჩარევისა თუ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი არ მოერიდა კრემლთან დაპირისპირებას, როდესაც წინ აღუდგა მის ძირითად ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს.

პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპმა თავის მთავარ პრიორიტეტად აქცია ნავთობისა და გაზის მოპოვების მხრივ დომინირება ისეთი კანონმდებლობის მხარდაჭერით, რომელმაც შეასუსტა ბარიერი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მეტი ენერგიის წარმოებისთვის.

მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ში იზრდება ნავთობისა და გაზის მოპოვება, ხოლო ნავთობის წარმოების მხრივ აშშ დღესდღეობით მსოფლიოში წამყვან ქვეყნად ითვლება. ამას შედეგად მოჰყვა ნავთობის ექსპორტის გაზრდა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, უკრაინა და ბელარუსი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა რუსეთი.

აშშ-ის მხრიდან საკუთარი ნავთობის მოპოვების გაზრდამ აიძულა ზოგიერთი ექსპორტიორი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, რომ შეემცირებინა წარმოების მასშტაბები საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების მიზნით.

ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო სანქციები, რომლებმაც ამ ეტაპზე შეაჩერა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულება. კრემლის ეს პროექტი უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს ითვალისწინებს. ამასთან, ვაშინგტონის სანქციები, პოტენციურად, გზას უხსნის ამერიკული თხევადი გაზის უფრო ფართო ექსპორტს ევროპაში.

აშშ-ის ადმინისტრაციამ 2020 წლის დასაწყისში სანქციები დაუწესა ასევე სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“, რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის, სავაჭრო ფილიალებს, რომლებიც დაეხმარნენ ვენესუელას სანავთობო ემბარგოს თავიდან აცილებაში. ამ სანქციებმა აიძულა „როსნეფტი“, სხვა რუსული სახელმწიფო კომპანიისათვის მიეყიდა ვენესუელაში განთავსებული საკუთარი აქტივები.

ტრამპმა გააძლიერა სანქციები ირანისა და ვენესუელის, რუსეთთან მჭიდროდ დაახლოებული ორი ქვეყნის, წინააღმდეგ, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა მათ ეკონომიკას.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოიყვანა ქვეყანა ირანთან საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლის მხარდაჭერასაც კვლავ განაგრძობს რუსეთი, და, ასევე, ტრამპი შეეცადა დაემხო ნიკოლას მადურო, მოსკოვის ფავორიტი ვენესუელის ლიდერი.

ტრამპმა გამოიყვანა აშშ საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის (INF) ხელშეკრულებიდან, რომელიც, ფაქტობრივად, კრძალავდა ევროპაში მიწისზედა ბირთვული რაკეტების განთავსებას. აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ დატოვებს ღია ცის ხელშეკრულებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს უფლებას აძლევს განახორციელონ სადაზვერვო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე.

თეთრი სახლი ბრალს სდებს მოსკოვს იმაში, რომ დიდი ხანია, არღვევს განიარაღების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

აშშ-ის პრეზიდენტი დაიმუქრა ასევე, რომ არ გააგრძელებს New START-ის, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული იარაღის თაობაზე ხელმოწერილ უკანასკნელი მოქმედი ხელშეკრულების, ვადას თებერვლის შემდეგ, თუ ხელშეკრულებას არ შეუერთდება ჩინეთიც. New START-ის ხელშეკრულება ითვალისწინებს აშშ-ისა და რუსეთის მიერ საკონტინენტთაშორისო რაკეტებისა და შეტევითი შეიარაღების ზღვრულ შემცირებას.

2019 წელს დონალდ ტრამპმა წამოაყენა იდეა შეეძინა გრენლანდია, რაც შესაძლებელს გახდიდა აშშ-ის საზღვაო საზღვრის გაზრდას არქტიკასთან, რეგიონთან, სადაც ერთმანეთთან ინტენსიურ კონკურენციაში იმყოფებიან რუსეთი და ჩინეთი.

მაგრამ დანიამ, რომელიც გრელანდიას აკონტროლებს, უკუაგდო ეს იდეა.

ევროპა & ნატო

ტრამპის მმართველობის დროს ზიანი მიადგა აშშ-ის ურთიერთობას მის ზოგიერთ ევროპელ მოკავშირესთან. მათ აშშ-ის პრეზიდენტი ადანაშაულებს, როგორც არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პარტნიორებს, რომლებიც არ ასრულებენ ნატოს მიმართ ნაკისრ საბიუჯეტო ვალდებულებებს.

მარცხნიდან: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2018 წ. 11 ნოემბერი.
მარცხნიდან: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2018 წ. 11 ნოემბერი.

ტრამპმა ასევე განარისხა ევროპული დედაქალაქები, როდესაც აშშ გამოიყვანა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის პარიზის საერთაშორისო შეთანხმებიდან.

ტრამპი განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს გერმანიას, ნატოს წევრ ქვეყანას, რომელიც დიდი ოდენობით ბუნებრივ აირს ყიდულობს ალიანსის მოწინააღმდეგე რუსეთისგან და, შეთანხმების მიუხედავად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ზე ნაკლებს ხარჯავს საკუთარ თავდაცვაზე.

მან ასევე ძალიან გააბრაზა გერმანიის ხელისუფლება, როდესაც გამოააშკარავა განზრახვა გერმანიაში არსებული სამხედრო ბაზის ერთი მეოთხედით შემცირებისა და 12 000 ამერიკელი ჯარისკაცის სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესახებ. ამ სამხედრო კონტინგენტის ნაწილი პოლონეთში, იტალიასა და ბელგიაში განლაგდება, ნაწილი კი აშშ-ში დაბრუნდება.

საგარეო საკითხების ექსპერტები შიშობენ, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში გაჩენილი ბზარებით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა თავის წინამორბედ ბარაკ ობამაზე უფრო მეტად მტკიცე კავშირები დაამყარა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებთან, რომელთაგან ზოგიერთი დემოკრატიიდან გადახვევაშიც კია დადანაშაულებული.

დონალდ ტრამპი სამჯერ შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას, ორჯერ - კლაუს იოჰანისს, რუმინეთის პრეზიდენტს. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვედრია უნგრეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ლიდერებს.

საგარეო პოლიტიკა აზიასთან

ტრამპის დროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდი ცვლილება იყო არა რუსეთთან დათბობა, არამედ ჩინეთსა და ირანთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება.

თეთრ სახლში შესვლისთანავე ტრამპი კონფლიქტში შევიდა ჩინეთთან, რომლის ექსპორტზე დაწესებული მილიარდობით დოლარის ტარიფი ზარალს აყენებს აზიის უდიდეს ეკონომიკას.

ჩინეთმა საკუთარი საპასუხო ტარიფები დააწესა აშშ-ის საექსპორტო პროდუქციაზე, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების პირველ ფაზას, რომელიც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და ტექნოლოგიების ტრანსფერებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახვედრის ცერემონია პეკინში. მარცხნივ: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. 2017 წ. 9 ნოემბერი.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახვედრის ცერემონია პეკინში. მარცხნივ: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. 2017 წ. 9 ნოემბერი.

ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა „უპასუხისმგებლო“ უწოდა პეკინის საქციელს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანაც აშშ ცდილობს მოკავშირე ქვეყნებს უარი ათქმევინოს 5G-ის ტექნოლოგიაზე, რომელსაც, ვაშინგტონის თანახმად, ჩინეთი იყენებს სხვა ქვეყნებში ჯაშუშური ქსელების შესაქმნელად.

ტრამპის ადმინისტრაციამ ივლისში უფრო მაღლა ასწია თამასა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხურა ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულო და ამერიკელების ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში დადანაშაულებული ჩინეთის მოქალაქეები დაეპატიმრებინა. საპასუხოდ ჩინეთმა დახურა აშშ-ის საკონსულო ჩინეთის ქალაქ ჩენდუში.

ტრამპი გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც კი ოდესმე შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. ტრამპმა და დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა პირველი ორმხრივი შეხვედრა 2018 წელს სინგაპურში გამართეს ფხენიანის ბირთვული პროგრამის გარშემო.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჰანოიში. 2019 წ. 27 თებერვალი.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჰანოიში. 2019 წ. 27 თებერვალი.

ერთი წლის შემდეგ ტრამპმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე გამართა მოლაპარაკება კიმ ჩენ ინთან, მაგრამ ამ შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისგან ბევრი არაფერი გამოვიდა, რადგან ფხენიანი კვლავ აგრძელებს რაკეტების გამოცდას.

მიუხედავად ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკისათვის დამანგრეველი სანქციებისა, ტრამპმა ვერ აიძულა ირანი დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. პასუხად თეირანმა გაზარდა ურანის გამდიდრების დონე, თავს დაესხა სანავთობო ტანკერებს, გაააქტიურა თავის სარაკეტო პროგრამაზე მუშაობა და მოახდინა ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის პროვოცირება.

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როდესაც აშშ-ის დრონებმა მოკლეს გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის გავლენიანი სარდალი.

ირანის მეზობელ ავღანეთში, 19-წლიანი ომის შემდეგ, ტრამპი ესწრაფვოდა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას თალიბებთან, რათა შეესრულებინა თავისი წინასაარჩევნო დაპირება.

ეს დაპირება დასრულდა იმით, რომ თებერვალში აშშ-მა და ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც გზა გაუხსნა შიდა ავღანურ დიალოგს მეამბოხეებსა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ქაბულის ხელისუფლებას შორის.

თალიბი მეამბოხეები ავღანეთის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებენ და აშშ-სთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგაც განაგრძობენ ყოველდღიურ სისხლისმღვრელ თავდასხმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG