Accessibility links

დეკანოიძე მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შემდეგ: არ მჭირდება არჩევნები თანამდებობისთვის


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ აცხადებს, რომ მაჟორიტარობა ძალაუფლებისთვის და თანამდებობისთვის არ უნდა. "ოპოზიციური ერთობის" საერთო კანდიდატის კონკურენტად დასახელების შემდეგ ხატია დეკანოიძემ ამ თემაზე ფეისბუკზე პოსტი დაწერა.

"ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად... მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის... მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის... შეხვედრამდე", - აღნიშნავს ის.

დღეს 26 აგვისტოს, საღამოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ პარტია ისანში საკუთარ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს დააყენებდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამით "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმება დაარღვია. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა კი ამბობს, რომ მათი პარტია ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმების ერთგული რჩება და მხარს კვლავ ვაშაძეს დაუჭერენ.

დეკანოიძის კანდიდატად დასახელებამდე ერთი თვით ადრე, 19 ივლისს "ოპოზიციურმა ერთობამ", რომელშიც "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია" და სხვა პარტიებიც იყვნენ გაერთიანებული ისანში საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელეს. რამდენიმე კვირის წინ ვაშაძის პარტიამ "ძალა ერთობაშია" დატოვა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენა. სწორედ ამ დროიდან ალაპარაკდა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი კანდიდატების დაყენებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG