Accessibility links

ეგორ კუროპტევი ირმა ინაშვილს პასუხობს: მე, სამწუხაროდ, არ მომიმზადებია დოკუმენტები „დოსიესთვის“


ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი ეგორ კუროპტევი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ არ უმუშავია „დოსიეს“ მასალაზე, რომლის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი“ შესაძლოა რუსეთიდან იღებდეს დაფინანსებას.

„ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩევნებში ჩარევისა და მანიპულაციების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს“, - წერს კუროპტევი ფეისბუკზე და განაგრძობს: „ჩემთვის პრინციპულია საქართველოს დაცვა რუსეთის ხელისუფლების ყველა აგრესიული ქმედებისგან. სწორედ ამით შეგიძლიათ ახსნათ ჩემი ქმედებები“.

ირმა ინაშვილმა მანამდე ტვ პირველის ეთერში კუროპტევი, დევიდ კრამერი და მიხაილ ხოდორკოვსკი დაადანაშაულა გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილთან პირის შეკვრაში.

„მე, სამწუხაროდ, არ მომიმზადებია დოკუმენტები „დოსიესთვის“ საქართველოს არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ, თუმცა ამ თემაზე სხვა ბევრი დოკუმენტი, სტატია, გამოძიება და გამოკითხვა მაქვს მომზადებული. მე, უსიტყვოდ, ვთვლი, რომ ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომლის 20% კრემლის მიერაა ოკუპირებული, რომლის მოქალაქეებს ყოვეწლიურად კლავს და იტაცებს „ეფ-ეს-ბე“ (კგბ) და მისი მარიონეტული რეჟიმები სოხუმსა და ცხინვალში. იმედია, სწორედ ეს იყო თქვენი პარტიისა და რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართული შეხვედრისა და ასევე, ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტის მთავარი თემა. ზუსტად იქ, სადაც თქვენ ოკუპირებულ სოხუმში გადახვედით, კამერების წინ გიგა ოთხოზორია ჩაცხრილეს, რომლის მკვლელი დასჯილი არაა და ხიდის მეორე მხარეს თავისუფლად ცხოვრობს. იქნებ თქვენ მას ეძებდით? იმედი მაქვს, სწორედ ამ საკითხებს განიხილავდით რუსეთის სახელმწიფო დუმასთან „საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტისგან არანაირი მანდატი არ გააჩნია, თქვენი პარტიის დეპუტატების მონაწილეობის გარდა“, - წერს კუროპტევი ფეისბუკზე.

კუროპტევის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ არა მოსკოვის მიერ დაფინანსებული განცხადებებისა და კამპანიების, არამედ ფაქტებისა და სანდო ინფორმაციის საფუძველზე.

„ეჭვი მეპარება, რომ ცენტრმა „დოსიემ“, რომელმაც მიიღო ფაილები, საერთოდ იცოდა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ არსებობის შესახებ ამ პუბლიკაციამდე, რადგან მათთვის საინტერესოა არა ქართული პოლიტიკა, არამედ მათი ხელისუფლების სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის ფაქტები“, - აცხადებს კუროპტევი და განაგრძობს: „იმედი მაქვს, დამეთანხმებით, რომ მთავარი მიზანია - შევაჩეროთ კრემლი და არ მივცეთ პუტინსა და მის მომხრეებს მანიპულაციის, მოპარვის, მოკვლის, მიწებისა და საქართველოს მოქალაქეების ბედის მიტაცების საშუალება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG