Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ინაშვილისა და თარხან-მოურავის "პუტინისსახიანი" პოსტერები გააკრეს


მეორე დღეა, რაც ბათუმის ქუჩებში "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ საპროტესტო პოსტერებია გაკრული. პოსტერებზე პარტიის ლიდერებს, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახე აქვთ.

"ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს!.. ქუჩებში ვაკრავ და მომავალშიც გავაკრავ ამ პლაკატებს, რადგან მეტმა დაინახოს რაც ხართ!" - ვკითხულობთ ერთ-ერთ ფეისბუკგვერდზე.

ბათუმის ქუჩებში საპროტესტო პლაკატების გამოჩენას წინ უსწრებდა ქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერების გაკვრა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად გამოყოფილი იყო და აკეთებდა მის ოკუპაციაზე მინიშნებას. ბანერს თან ერთვოდა წარწერა: "დაიცავი, შენი წილი საქართველო".

პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მისი პარტიის სადავო ბანერი შესაძლოა ბოკერიას და სააკაშვილის პროვოკაცია იყოს.

აჭარაში განთავსებული პარტიის ბანერები პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "პატრიოტთა ალიანსი" აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორამციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ "თურქეთიც ოკუპანტია". ირმა ინაშვილმა 29 აგვისტოსაც აღნიშნა, რომ "აჭარაში თურქეთის მხრიდან მიზანმიმართული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია ხორციელდება" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ პროცესზე არ რეაგირებს.

"პატრიოტთა ალიანსის" ბანერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმებს სასამართლოში გადაგზავნის ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, საჩივრით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიმართვას კი "სამართლიანი არჩევნები" აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG