ახალგორის „მილიციის“ უფროსმა ცხინვალისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რათა რაიონის მცხოვრებთ არ ჰქონდეთ ცხინვალში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის და გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს აცნობეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა, რომლებსაც ახალგორელებმა მიმართეს.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ცნობითვე, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაწესებულებების“ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აფრთხილებენ, არ მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში.
ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი.
საპროტესტო გამოსვლების გამო, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, „მთავრობა“ დაეთხოვა, თუმცა, ცხინვალში ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვენ.