Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი ბიბილოვის წინააღმდეგ 


ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, მოქმედ „პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს, მოუწოდა, თანამდებობიდან დღესვე გადადგეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, მოქმედ „პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს, მოუწოდა, თანამდებობიდან დღესვე გადადგეს.

დღეს საღამოს ცხინვალში მასშტაბური მიტინგის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კი უცვლელი იქნება.

29 აგვისტოს დე ფაქტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ის მთავარი მოთხოვნები უკვე გააჟღერეს, რომელთა შესრულებას დღევანდელ მიტინგზეც მოითხოვენ. ესაა: დე ფაქტო პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა, ძალოვანი უწყებების რეფორმირება, ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა. სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, რომ ბიბილოვის ხელისუფლებამ სოფლებიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზები გადაკეტა, რათა ხალხი მიტინგზე ვერ მივიდეს.

ახალგორის „მილიციის“ უფროსმა ცხინვალისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რათა რაიონის მცხოვრებთ არ ჰქონდეთ ცხინვალში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს აცნობეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა, რომლებსაც ახალგორელებმა მიმართეს.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებისვე ცნობით, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაწესებულებების“ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აფრთხილებენ, არ მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში.

რადიო თავისუფლებას ახალგორელი წყაროები ატყობინებენ, რომ ამჟამად ცხინვალისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი არ არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსები კი უპრობლემოდ მოძრაობენ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაწყებული არეულობის ფონზე გააქტიურდა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, რომელმაც ცხინვალში შესვლა 30 აგვისტოს სცადა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, მოქმედ „პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს, მოუწოდა, თანამდებობიდან დღესვე გადადგეს.

ინსტაგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კოკოითი ამბობს, რომ ჩავა „სამხრეთ ოსეთში“, მაგრამ თუ ბიბილოვს ამის ასე ძალიან ეშინია, პირობას აძლევს, რომ არ დაბრუნდება, თუ ის ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (მოსკოვის დრო) უფლებამოსილებას მოიხსნის. კოკოითის თქმით, ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

ედუარდ კოკოითიმ შეცდომა უწოდა 2011 წელს მის მიერ „პოლიტიკურ არენაზე“ ანატოლი ბიბილოვის გამოყვანას და 2017 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მისი კანდიდატურის მხარდაჭერას.

ყოფილი „პრეზიდენტი“ გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ნათესავებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, უარი თქვან შურისძიებაზე, რადგან ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება.

ვიდეომიმართვაში კოკოითი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ „სამხრეთ ოსეთში“ მის ჩასვლას წინააღმდეგობა რუსეთმა გაუწია. კოკოითის მტკიცებით, ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება, მეგობრების თხოვნას ითვალისწინებს და ამ ეტაპზე „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე არ ჩნდება.

მე მოგმართავ თხოვნით. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის თხოვნა. ვერ მიაღწევ იმას, რომ არ დავბრუნდე სამხრეთ ოსეთში. ეს არ გამოგივა. მე ვიქნები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ თუ ამის ძალიან გეშინია, გაძლევ სიტყვას, არ ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში, თუ 31 აგვისტოს 12 საათზე პრეზიდენტის უფლებამოსილებას მოიხსნი და არ აწამებ ოს ხალხს“, - განაცხადა ბიბილოვისადმი ვიდეომიმართვაში კოკოითიმ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს. მან 29 აგვისტოს, გვიან ღამით, სოციალური ქსელებით მხარდაჭერა გამოუცხადა ცხინვალში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, 30 აგვისტოს კი ცხინვალისკენ გაემგზავრა.

რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ.რეალიის“ ინფორმაციით, კოკოითისა და მისი თანმხლები პირების ავტომანქანები „საზღვრამდე“ არ მიუშვეს და გააჩერეს ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ბურონთან, სადაც რუსეთის ეროვნული გვარდიის რაზმი იყო მობილიზებული. „კავკაზ.რეალიი“ სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოკოითის შეახსენეს კორონავირუსის გამო „სამხრეთ ოსეთში“ მოქმედი შეზღუდვები, რის შემდეგაც ის თანმხლებ პირებთან ერთად უკან გაბრუნდა.

30 აგვისტოს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ კოკოითი პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვართან მდებარე ქვემო ზარამაგის რუსული გამშვები პუნქტის შტურმს, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს რუსეთის ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის დამატებითი ძალები, ხოლო „სამხრეთ ოსეთის“ მხრიდან მობილიზებული იყო ადგილობრივი „ომონი“ და ე.წ. უშიშროების კომიტეტის სპეცრაზმი.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „რესმა“ გამოაქვეყნა ჩრდილოეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „სამხრეთ ოსეთის საზღვართან“ ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის დამატებითი ძალების არანაირი მობილიზება არ ყოფილა.

ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ იყო 2001-2011 წლებში. შემდეგ ის რუსეთში გაემგზავრა. კოკოითის დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭისყრა 2017 წელსაც სურდა, თუმცა ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ამის უფლება არ მისცა იმ მოტივით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხინვალში მუდმივად არ ცხოვრობდა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება. მან ბოლო დღეებში ისიც შეამჩნია, რომ ზოგიერთი სამოქალაქო აქტივისტი არჩილ ტატუნაშვილის სახელსა და გვარს ახსენებს. ბენდიანიშვილის აზრით, ბიბილოვმა ავტორიტეტი დაკარგა და მისი ლეგიტიმაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ამ დღეებში არაერთხელ გაიხსენეს ტატუნაშვილის ამბავი თვითონ ოსებმა და ამბობენ, რომ ეს იყო იმის სიგნალი, რომ შემდეგ უკვე სხვების მიმართ შეიძლება მომხდარიყო და ეთნიკურად მნიშვნელობა არაფერს არა აქვსო. განუკითხაობა იბადება უკონტროლობიდან და მარიონეტულ ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ არ გააჩნია. თვითონ პროტესტის ასეთი მასიური ტალღა ორი ფაქტორით არის გამოწვეული. პირველი არის ის, რომ ბიბილოვს არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც კი, როდესაც მას ირჩევდნენ. ცხინვალის საზოგადოებამ თავიდანვე იცოდა, რომ შეზღუდული ინტელექტუალური რესურსების მქონე ადამიანი იყო, რომელსაც მართვის უნარები არ გააჩნდა და დღეს არის მისი არაავტორიტეტულობის გამოვლინება, როცა ასეთი მასშტაბური პროტესტი მიიღო. მეორე ფაქტორი ეს არის კოვიდის გამო იზოლაციაში ყოფნა, რასაც ყველაფრის გაძვირება მოჰყვა და ძალიან გაუსაძლისი პირობებია დღეს ცხინვალში და ესეც იწვევს მოსახლეობის პროტესტს“.

ზურაბ ბენდიანიშვილი იმასაც ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, ახლა იგრძნო, როგორ შეერყა სკამი ბიბილოვს და ძალაუფლების დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო.

ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი

„კოკოითი გამოვიდა ასპარეზზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თვლიან, არაავტორიტეტული ხელმძღვანელის მოცილება დღეს ადვილია. კოკოითის არასოდეს შეუწყვეტია ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნება და მისი მომხრეები მუდამ აქტიურები არიან ცხინვალში. დღესაც ამ საპროტესტო ტალღის მონაწილეთა სოლიდური ნაწილი სწორედ კოკოითის მომხრეები არიან და, აქედან გამომდინარე, კოკოითიმაც გადაწყვიტა ისარგებლოს სიტუაციით და ჩამოაშოროს ბიბილოვი ხელისუფლებას, რაც მას უკან დაბრუნების ან მისი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას აძლევს“.

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოს დაიწყო - მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი.

საპროტესტო გამოსვლების გამო, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, „მთავრობა“ დაეთხოვა, თუმცა ცხინვალში ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომასაც მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG