Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის უფლებათა კოდექსი ძალაშია


დღეიდან, 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი.

კოდექსის მიზანია „ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით“.

კოდექსის თანახმად, ამ მიზნის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:

ა) ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას;

ბ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მისი ღირსების დაცვას, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე;

გ) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფას, მის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას, ბავშვის მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით − მშვიდობის, ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით აღზრდას;

დ) ბავშვის სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე ორიენტირებას;

ე) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვასა და მხარდაჭერას;

ვ) ბავშვის შრომასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორც საზოგადოების განვითარების აუცილებელ წინაპირობაზე, ორიენტირებას;

ზ) ბავშვის მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე, ორიენტირებას.

​საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო და კანონის ძალაში შესვლის ვადად 2020 წლის 1 ივნისი განსაზღვრა, თუმცა შემდეგ ვადა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მიზეზად ის დასახელდა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ხელი შეუშალა კოდექსის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადების დასრულებას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმპლემენტაციის მომზადების ერთწლიან პერიოდში:

  • მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები;
  • შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა;
  • 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები;
  • თითოეული თვითმმართველობისთვის გადამზადდა 200-მდე სოციალურ მუშაკი და კოდექსის 64 კოორდინატორი;
  • გადამზადდნენ მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები;
  • გადამზადდა სხვადასხვა უწყების 400-ზე მეტი საჯარო მოხელე;
  • ამუშავდა ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111;
  • საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსის კოორდინაციისა და ზედამხედველობის მექანიზმი - ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად ჩართულნი იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG