Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დოსიეს” გამოძიების II ნაწილი „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 სექტემბერს


კრემლთან დაახლოებული კონსულტანტების რჩევები “პატრიოტთა ალიანსს” - “დოსიეს” გამოძიების II ნაწილი

ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციული პროექტი „დოსიე“ გამოძიების მეორე ნაწილს აქვეყნებს, სადაც საუბარია „პატრიოტთა ალიანსის“ კომუნიკაციაზე კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტებთან. საიტი რამდენიმე დოკუმენტსაც აქვეყნებს.

ვებსაიტი წერს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიამ მოსკოვიდან მიიღო არაერთი რჩევა, მათ შორის არის აჭარის მცხოვრებლების მიერ პარლამენტის უვადო პიკეტირება, ასევე კანონპროექტის ინიცირება, რომ საზღვარგარეთ (მათ შორის, რუსეთში) მცხოვრებ ყველა ქართველს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

თუ „დოსიეს“ დავუჯერებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ რუს კონსულტანტებს ქართველი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემებიც გადასცა.

მანამდე „დოსიე“ წერდა პარტიის მიერ რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების მიღების შესახებაც. საქართველოში საზღვარგარეთიდან პარტიების დაფინანსება კანონით აკრძალულია, თუმცა პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და ის აუდიტის სამსახურს გადააბარა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შაქარაშვილის ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცების, წელის ჩანთის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილია.

დასკვნის დეტალების შესახებ რადიო თავისუფლებას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ესაუბრება. მისი თქმით, წელის ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილია აღმოჩენილი, რომელთაგან ერთი ეკუთვნის თავად გიორგი შაქარაშვილს, მეორე - ჩანთის მფლობელს, რომლისგანაც გიორგიმ 18 ივნისს ჩანთა ითხოვა, მესამე - გიორგი შაქარაშვილის ნათესავ ქალს, მეოთხე პროფილის თაობაზე კი კვლევა გრძელდება.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.

წაიკითხე მეტი.

სიახლეები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ

დღეს, დილიდან განახლებული ინფორმაცია გახდება ცნობილი ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი ახალი შემთხვევების შესახებ. გასული 24 საათის განმავლობაში კი საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაფე-საკონდიტროს „დონას“ თანამშრომელს. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. საკონდიტრო ამჟამად დაკეტილია.

საქართველოს საზღვარზე პოლიცია გადაწყვეტს, ვის გაუშვებს შენგენის ზონაში - კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტი 4 სექტემბრამდე, მესამე მოსმენით მიიღებს კანონპროექტს, რომელითაც საზღვრის დაცვის პოლიციას უფლება ექნება, მოქალაქე არ გაუშვას შენგენის ზონაში.

ეს კრიტერიუმებია:

·თუ პირს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანამ შესვლა აუკრძალა და ეს ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის;

  • თუ არ ექნება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
  • თუ არ ექნება შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;
  • სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის, საცხოვრებლის მისამართი);
  • შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

წაიკითხე მეტი.

ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი ცხინვალში და პერმანენტული აქციები კონკრეტული მოთხოვნებით

თემურ ცხურბათის ცემის შესახებ მისმა მეგობარმა, ოკუპირებულ სოფელ ავნევიდან დევნილმა მიხეილ ტაბატაძემ, თბილისში შეიტყო. ის მთელი ღამის განმავლობაში მის ნათესავებს ცხინვალში ეკონტაქტებოდა. კითხულობდა თემურის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, დამძიმების შემთხვევაში, საქმეში წითელი ჯვრის ჩართვას და თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას სთავაზობდა.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი ინალ ჯაბიევის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, როცა მას ერთ-ერთმა ქალმა სოციალურ ქსელში კოკოითის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები შეახსენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. რადიო თავისუფლებას ცხურბათის მეგობრებმა ცხინვალიდან აცნობეს, რომ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, დაცვის ყოფილმა წევრმა, მეტსახელად „კიტაიეცმა“, მას ძლიერად დაარტყა. სამოქალაქო აქტივისტი ცხინვალის საავადმყოფოში ყბის ძვლის მოტეხილობით გადაიყვანეს.

მიხეილ ტაბატაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ისიც თქვა, რომ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, თემურთან მისი მეგობრობა გრძელდება. თემური ხშირად ჩადის ოკუპირებულ და დანგრეულ ავნევში და იქ მიხეილ ტაბატაძის შვილის საფლავს უვლის.

ნაცემი აქტივისტის ამბავი და სიახლეები ცხინვალში პროტესტის შესახებ, წაიკითხე გოგა აფციაურის სტატიაში. ასევე, ნახე ვიდეო.

ავთო სიხარულიძე 10 წლისა იყო, მამამ კლდიდან კეცის „გამოღება“ და მერე მისი გამოთლა რომ ასწავლა. მას მერე ბევრი წელი გავიდა - ბავშვობაში ნასწავლი ხელობა ავთომ 30 წლის წინ ისევ გაიხსენა, როცა სამსახური და შემოსავლის წყარო გაქრა. დღეს ის 70 წლისაა, ისევ გურიაში, თავის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობს და კუთხეში ერთადერთია, ვინც ძველებური მეთოდით ქვის კეცებს თლის. ეს მისი „პურის ფულიცაა“ და ტრადიციის გადარჩენის მცდელობაც. ყოველდღე, უდაბნოს მთის აღმართს შეუყვება ხოლმე და კლდეზე კაკუნს იწყებს - დღეს ესაა მისი სამსახური. მისი გურული კეცები კი მსოფლიოში „მოგზაურობენ“ - ბოლოს ამერიკაში გაგზავნა. თუ ვინმეს არ ვასწავლე, ეს ხელობაც გაქრებაო, დარდობს ავთო სიხარულიძე და იმ დღეზე ოცნებობს, მის ჭიშკარს მხოლოდ კეცის მყიდველი კი არა, ხელობის სწავლის მოსურნე ახალგაზრდა რომ მიადგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG