Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში კორონავირუსზე ტესტირების არეალი ფართოვდება


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.

მოქალაქეებს ნიმუშის აღება - N1 და N4 პოლიკლინიკებში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრსა და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

ასევე დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ადგილზე იქნება შესაძლებელი.

ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.

ქობულეთში ტესტირებისთვის კარავი განთავსებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 22 ბათუმის კაფე-საკონდიტრო "დონას" კლასტერს განეკუთვნება.

კაფე-საკონდიტრო "დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით გუშინ თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა. მათ კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან.

"დონასთან" დაკავშირებულ 80 კონტაქტს PCR-ტესტი გუშინ ჩაუტარეს.

2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის გამოვლენიდან ყველაზე მეტი, 38 შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG