Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ არ შეუერთდება გლობალურ პროექტს COVID-19-ის ვაქცინის თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს COVID-19-თან დაკავშირებულ საერთაშორისო ძალისხმევაში, ვინაიდან არ სურს შეზღუდულ იქნეს ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

დამოუკიდებლად მოქმედების გადაწყვეტილება მოჰყვა ივლისის დასაწყისში თეთრი სახლის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გაყვანის პროცესის დაწყებას. ტრამპი აცხადებს, რომ WHO-ს რეფორმირება ესაჭიროება და რომ ის ჩინეთის ძლიერი გავლენის ქვეშაა.

„შეერთებული შტატები განაგრძობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავამარცხოთ ვირუსი, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით შეზღუდული მულტილატერალური ორგანიზაციების მიერ, რომლებიც კორუმპირებული WHO-სა და ჩინეთის გავლენის ქვეშ არიან,“ მოჰყავს AP-ს თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯად დირის სიტყვები მისი 1 სექტემბრის განცხადებიდან. „ეს პრეზიდენტი არავითარ ხარჯებს არ დაზოგავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ახალი ვაქცინა შესაბამისობაში იქნება ჩვენი „საკვებისა და წამლის სამმართველოს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ოქროს სტანდარტთან, გულდასმით შემოწმდება და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს.“

ზოგიერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ზრუნავს ვაქცინის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფაზე, მაგრამ სხვები ერთობლივად ცდილობენ წარმატება მოიპოვონ ამ მიმართულებით მუშაობაში. 170-ზე მეტი ქვეყანა ქმნის COVID-19-ის ვაქცინაზე წვდომის გლობალურ ფონდს - COVAX-ს.

ეს ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ პოტენციური ვაქცინების პალიტრა, რათა საკუთარი მოქალაქეები უზრუნველყონ რომელიმე მათგანით, რომელიც ეფექტიანად ჩაითვლება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ COVAX-ის წევრობით მოიგებენ ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქცინას, ვინაიდან მათ საშუალება ექნებათ, სათადარიგო ვაქცინა მოიპოვონ იმ შემთხვევისთვის, თუკი წარმატებული არ აღმოჩნდება პირდაპირ მწარმოებლებთან მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში დამზადებული ვაქცინა.

ევროპის კავშირის ქვეყნებმა ვალდებულება იკისრეს, პარალელურ მოლაპარაკებებებში არ შევიდნენ ვაქცინების იმავე მწარმოებლებთან, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის დონეზე. მაგრამ ეს „არ გამორიცხავს ვაქცინის მწარმოებელ სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას COVAX-ის მეშვეობით,“ მოჰყავს Reuters-ს ევროპის კომისიის წარმომადგენლის 2 სექტემბრის განცხადება.

ეს პოლიტიკის ცვლილების მომასწავებელია, ვინაიდან ადრე ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ 27 წევრი ქვეყნის მთავრობებს ურჩია, არ შეიძინონ ვაქცინა COVAX-ის სქემის მეშვეობით, მიიჩნია რა, რომ ის არის ნელი, ძვირი და იურიდიულად შეუთავსებელია ევროკავშირის მიერ შესყიდვის პარალელურ პროგრამასთან, განაცხადა ევროკავშირმა ივლისში.

აშკარა ცვლილება მოხდა მას შემდეგ, რაც WHO-მ აგვისტოში შეარბილა მდიდარი ქვეყნებისთვის მონაწილეობის პირობები ამ სქემაში, რომლის მიზანია, 2021 წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზით უზრუნველყოს მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი 20 %.

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ასევე კრიტიკა, რომ ევროკავშირი ფაქტობრივად ძირს უთხრის WHO-ის ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციონირებს, როგორც მულტილატერალიზმის ხელშემწყობი და ვაქცინაზე ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი.

„მსოფლიო ლიდერები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, თავდაპირველად - შეზღუდული რაოდენობით, ის გლობალურად უნდა განაწილდეს და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთმა მუჭა ქვეყნებმა მიიღონ ყველა ვაქცინა, რაც კი 2021 წლის პირველ ნახევარში გახდება ხელმისაწვდომი,“ განაცხადა რიჩარდ ჰაჩეტმა, თავმჯდომარემ Coalition for Epidemic Preparedness Innovations (CEPI)-ისა, რომელიც COVAX-ის პროექტში მონაწილეობს.

მისი თქმით, მსოფლიომ თავი უნდა აარიდოს 2009 წლის სცენარს, როცა მდიდარმა ქვეყნებმა პირველებმა შეძლეს H1N1-ის ვაქცინის შეძენა. „ეს მაშფოთებს“, უთხრა მან AFP-ს.

AFP-ს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან სულ რაღაც შვიდ თვეში, როცა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ექსპერიმენტული ვაქცინების კლინიკური შემოწმება, ზოგიერთმა ქვეყანამ (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და იაპონიამ) უკვე გააფორმა შეკვეთები მინიმუმ 3,1 მილიარდ დოზაზე.

COVID-19-ის ათეულობით ექსპერიმენტული ვაქცინიდან ზოგიერთმა, რომელიც ადამიანებზე გამოცდის ფაზაში იმყოფება, მიაღწია უკანასკნელ და ყველაზე დიდ ბარიერს - იმის დამადასტურებელ საბუთებს, რომ ისინი მართლაც შედეგიანია.

31 აგვისტოს კომპანია AstraZeneca-მ გამოაცხადა, რომ მისი კანდიდატი ვაქცინა გამოცდის ფინალურ სტადიას გადის აშშ-ში. კომპანიამ, რომელსაც ინგლისში, კემბრიჯში უდევს ბინა, განაცხადა, რომ კვლევაში ჩართული იქნება სხვადასხვა რასობრივი, ეთნიკური და გეოგრაფიული ჯგუფის 30 ათასამდე ზრდასრული წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG