Accessibility links

კახა ოქრიაშვილი კოალიციას "ძალა ერთობაშია" შეუერთდა


კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2016 წელს პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით მოხვდა, ახლა ოპოზიციურ კოალიციას "ძალა ერთობაშია" უერთდება. მხარეებმა ხელი მემორანდუმს უკვე მოაწერეს.

"ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით კოალიციას. ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია გარანტი იქნება, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

კახა ოქრიაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, ვინც საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩააგდო. ამ პროექტს მხარს უჭერდნენ კოალიციის "ძალა ერთობაშია" ის წევრები, რომლებიც პარლამენტში მუშაობენ.

ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. მათ შორის, 2012 წელს ის კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი მათ შეუერთდა. "ქართული ოცნებასთან" უთანხმოება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდა, რის შემდეგაც ის მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაასახელეს. ამის შემდეგ ოქრიაშვილმა პარტია "პროგრესი და თავისუფლება" დააფუძნა.

კახა ოქრიაშვილი მილიონერი დეპუტატია. მას ეკუთვნის ფარმაცევტული კომპანია პსპ-ს 95 პროცენტი, ხოლო მის ცოლს ჯი-ემ-პის 100 პროცენტი. მისი ოჯახის შემოსავალი გასულ წელს რამდენიმე მილიონს აღემატებოდა. ოქრიაშვილის ყოველწლიური ხელფასი პარლამენტში კი 47 699 ლარი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG