Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები გაასაჯაროვა


საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვა. ამ დროისთვის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები.

საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს ჯერ გუგლის საძიებო სისტემაში ეძებდა საძილე აბებს რეცეპტების გარეშე, შემდეგ კი ამავე დღეს რუსთავის გზატკეცილსა და გორგასლის ქუჩაზე რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა პრეპარატები: ჯამში 20 აბი საძილე საშუალება, 28 აბი ანტიდეპრესანტი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.


გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ: ადვოკატი: ექსპერტიზა მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს ბაჩალიაშვილის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ავტომობილის გამოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველს გენერალურმა პროკურორმა უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ერთვება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG