Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ექსპერტიზა მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს ბაჩალიაშვილის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად გაეცნო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა და რომელსაც 23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი უნდა დაედგინა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში სიკვდილის მიზეზად მედიკამენტებით გამოწვეული ინტოქსიკაცია სახელდება, რაც ამყარებს გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის შედეგად. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში იგივე ოთხი მედიკამენტია დასახელებული, რაც წინასწარი დასკვნის მიხედვით აღმოჩნდა თამარის სხეულში: საძილე, მაღალი წნევის და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

ოჯახს და ადვოკატს თვითმკვლელობის ვერსია სარწმუნოდ არ მიაჩნია და კვლავ ითხოვენ სატელიტური ანტენებიდან მიღებულ ჩანაწერებს იმ ადგილიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი და ავტომობილი იპოვეს.

სამედიცინო ექსპერტიზის გარდა სამხარაულის ბიურომ ჩაატარა კვლევაც დნმ-ზე, რითიც უნდა დადგენილიყო, რომ ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, დნმ იდენტურია.

დღესვე, სანამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებს ოჯახი გაეცნობოდა, გარდაცვლილის დედა საქალაქო სასამართლომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა მის მიერ რამდენიმე დღის წინგაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურატურასთან გამართულაქციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა თამარი დაკავშირებული იყო იარაღით ვაჭრობასა და ფულის გათეთრების სქემებთან და მოითხოვა, სამართალდამცველების მხრიდან ამ მიმართულებით გამოძიების წარმოება. მიხეილ რამიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თეონა თამაზაშვილს ეს ეჭვები მის შვილთან საუბრების გახსენების შემდეგ გაუჩნდა და ყველა ის ინფორმაცია, რასაც ამ განცხადებისას ეყრდნობოდა გარდაცვლილის დედა, გამოკითხვისას მოსამართლეს მიაწოდა. ოჯახი თვლის, რომ თუკი ასეთი კავშირი არსებობდა მაშინ შესაბამისი ინფორმაცია შესაძლოა არსებობდეს გარდაცვლილი პროგრამისტის მეხსიერების ბარათებზე, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვერ იპოვეს და რომელსაც მათი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სულ თან ატარებდა.

მიხეილ რამიშვილი ეხმაურება გენერალური პროკურორის და სახალხო დამცველის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიურო ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარს აცხადებს და ელის იმ წერილის გასაჯაროებას პროკურატურის მხრიდან, რაც მათ ამერიკულ საგამოძიებო სამსახურს გაუგზავნეს.

გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნა იყო. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილისთვის თვითმკვლელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დამაჯერებელი, თუკი საერთაშორისო ექსპერტები დაადასტურებდნენ ამ ფაქტს.

FBI-ს საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი განცხადებები გააკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა აგვისტოს დასაწყისში.6 აგვისტოს გარდაცვლილის ოჯახს გენერალური პროკურორი ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვას დაჰპირდა, 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა FBI-სთან თანამშრომლობა. 10 აგვისტოს რადიო თავისუფლებას ფედერალურმა ბიურომ განუმარტა, რომ, მათი პოლიტიკის მიხედვით, კომენტარს არ აკეთებენ და დეტალებს არ ასაჯაროებენ ნებისმიერი პოტენციური კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ნახეთ ასევე: FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ავტომობილის გამოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-სგან ითხოვს, არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG