Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველს გენერალურმა პროკურორმა უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ერთვება


სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ საქმის გამოძიების პროცესის შეფასებისას თქვა, რომ საკმაოდ ბევრი საგამოძიებო პროცედურაა ჩატარებული ამ დროისთვის და გენერალური პროკურატურა მზად არის საქმის სრული მასალები გადასცეს შესასწავლად ომბუდსმენის აპარატს. სახალხო დამცველი პროკურორთან შეხვედრამდე გარდაცვლილის ოჯახს და მათი ინტერესების დამცველს შეხვდა საქმეში მათთვის საეჭვო გარემოებებზე სასაუბროდ. ლომჯარიას თქმით, გამოძიებას აქვს მოპოვებული იმ ტიპის ინფორმაციები, რომლების შესახებაც მისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო და რაც გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ ამყარებს, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე საუბარს შეძლებს მხოლოდ საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შემდეგ.

პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ გაირკვა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიურო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში არ ჩაერთვება. ნინო ლომჯარიას ამის შესახებ ინფორმაცია თავად გენერალურმა პროკურორმა მიაწოდა. ლომჯარიას ინფორმაციით, FBI-მ საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა იმის გამო რომ სხვა ქვეყანაში მომხდარ ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებაში ჩართვა მათი კომპეტენცია არ არის.

"FBI-ს ჩართულობასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვები. როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. თუმცა, როგორც FBI აცხადებს, ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია.

ბაჩალიაშვილის საქმეზე დაწყებული არის მთელი რიგი მოქმედებები, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები". – ამბობს ნინო ლომჯარია. მისი თქმით, კომუნიკაცია გამოძიებას აქვს ასევე ფეისბუქთან, ინსტაგრამთან და სხვა კომპანიებთან საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.

გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნა იყო. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილისთვის თვითმკვლელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დამაჯერებელი, თუკი საერთაშორისო ექსპერტები დაადასტურებდნენ ამ ფაქტს.

FBI-ს საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი განცხადებები გააკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა აგვისტოს დასაწყისში.6 აგვისტოს გარდაცვლილის ოჯახს გენერალური პროკურორი ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვას დაჰპირდა, 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა FBI-სთან თანამშრომლობა. 10 აგვისტოს რადიო თავისუფლებას ფედერალურმა ბიურომ განუმარტა, რომ, მათი პოლიტიკის მიხედვით, კომენტარს არ აკეთებენ და დეტალებს არ ასაჯაროებენ ნებისმიერი პოტენციური კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ნახეთ ასევე: FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ავტომობილის გამოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-სგან ითხოვს, არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG