Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: ნატო გმობს თავდასხმას, "ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო ნორმების და წესების მიუღებელი დარღვევაა"


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოსვლისას 4 სექტემბერს, ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოსვლისას 4 სექტემბერს, ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში

4 სექტემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, „ნოვიჩოკის“ ჯგუფში შემავალი სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით მოწამვლის საკითხი.

შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატოელი მოკავშირეები გმობენ თავდასხმას, ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო ნორმების და წესების მიუღებელი დარღვევაა. ალიანსის თავკაცმა თქვა, რომ ნატო ეთანხმება მოკავშირეთა აზრს, რომ რუსეთმა სერიოზულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

სტოლტენბერგი თვლის, რომ რუსეთის მთავრობამ სრულად უნდა ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და გაუხსნას მას „ნოვიჩოკის“ პროგრამა.

ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული.

ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთში ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა და ზოგიერთის მოკვლა, არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებზე, არამედ ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებზე თავდასხმაა.

მანამდე განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა და გააფრთხილა რუსეთი შესაძლო შედეგების შესახებ.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში ყოვლად გაუმართლებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სტანდარტების სერიოზულ ხელყოფას. ევროკავშირი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი რეაგირებისკენ და იტოვებს უფლებას, რომ მიმართოს შესაბამის ქმედებებს, მათ შორის, შემზღუდავ ზომებს“, - ნათქვამია ევროკავშირის 3 სექტემბრის განცხადებაში.

გერმანიის ბუნდესვერის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება. რუსეთი უარყოფს ნავალნის მოწამვლას ქიმიური იარაღის ელემენტით.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა.

რუსი პოლიტიკოსი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“, სადაც ის ხელოვნურ კომაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG