Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეი და აივ დადებითი: დამნაშავე თურქმენეთში, არასასურველი საქართველოში


24 წლის მაკსატს თბილისში შევხვდით. სახელი, მისივე თხოვნით, შეცვლილია. მაკსატი შიშობს, რომ ნებისმიერი იდენტიფიკაცია საფრთხეს შეუქმნის როგორც მას, საქართველოში, ასევე მის ოჯახს, თურქმენეთში. სამშობლოდან - სადაც ჰომოსექსუალური აქტი სისხლის სამართლის დანაშაულია - მაკსატი გასული წლის ბოლოს გამოიქცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სცემეს.

მაკსატმა საქართველოში მეტ-ნაკლებად უსაფრთხო თავშესაფარი იპოვა, თუმცა მშვიდი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ ახლახან მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინებები მშობლიურ, თურქმენულ ენაზე.

სტატუსი - აივ დადებითი

განსხვავებული რომ იყო ადრეულ ასაკში მიხვდა. მეხუთე კლასში უკვე ყველაფერი ცხადი იყო, თუმცა თავის სექსუალურ ორიენტაციას მალავდა ყველასგან, მათ შორის, ოჯახისგან და მეგობრებისგან.

“ქამინგ აუთის [გამომზეურება] შემთხვევაში საკუთარი ახლობლებისგან გელის სიკვდილი”, - ამბობს ის.

თურქმენეთში ლგბტ ადამიანებზე სოციალური და სახელისუფლებო ზეწოლა ერთმანეთზე მკაცრია. ჰომოსექსუალური აქტი პოსტ საბჭოთა რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით იკრძალება და 2-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქვეყანაში არ მუშაობს არც ერთი ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია. დაბლოკილია გეი გაცნობის აპლიკაციები, როგორიცაა Grindr.

პირველი პარტნიორი მაკსატს რუსეთში ჰყავდა, სადაც 18 წლის ასაკში წავიდა სასწავლებლად, თუმცა რამდენიმე წელში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. 2019 წელს, რამდენიმედღიანი ავადმყოფობის შემდეგ გაიგო, რომ აივ-დადებითია. დიანგოზმა რუსეთში მისი ლეგალური ბინადრობა დაასრულა.

რუსეთი ერთ-ერთია 19 ქვეყნიდან - საუდის არაბეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად - რომლებიც აივ-დადებით უცხოელებს ქვეყნიდან აძევებს.

დეპორტაციამდე მაკსატი თავად დაბრუნდა სამშობლოში, დაიწყო მუშაობა და ჩაკეტილი ცხოვრება განაგრძო. არც თავისი დიაგნოზი გაუმხელია ახლობლებისთვის. თავდაპირველად, აშხაბადის შიდსის ცენტრში მისვლასაც არიდებდა თავს. თუმცა ხვდებოდა, წამლები სჭირდებოდა და რამდენიმე თვეში ცენტრს მიაკითხა.

2019 წლის ოქტომბერში რადიო თავისუფლების თურქმენულმა სერვისმა გამოაქვეყნა სტატია ადგილობრივ გეიზე, კასიმბედრი გარაევზე. ის იყო პირველი წარმომადგენელი ლგბტ თემისა, რომელიც პირადად დაუკავშირდა მედია ორგანიზაციას და საკუთარი ისტორია მოუყვა ანონიმურად. 10 დღის შემდეგ გარაევი გაუჩინარდა. ხოლო პოლიციამ, მაკსატის თქმით, რეიდები დაიწყო.

ცემა, დევნა, გაქცევა

დეკემბრის ბოლოს მაკსატის სახლის კარზე დააკაკუნეს.

“პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. მანქანაში საშინელ შეურაცხყოფას მაყენებდნენ”, - ამბობს ის და განაგრძობს: “განყოფილებაში სახეში და მაფურთხებდნენ, მირტყამდნენ. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. არ მინდა გახსენება, მინდა, რაც შეიძლება მალე დავივიწყო”.

ფეხებზე ჩალურჯებები მაკსატს 9 თვის შემდეგაც ეტყობა. ამბობს, რომ ერთი ფეხი და ზურგი ძალიან აწუხებს.

მაკსატი ამბობს, რომ აიძულებდნენ ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რითიც აღიარებდა, რომ გეია. იხსენებს, რომ იძულებული გახდა ხელი მოეწერა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებს ეტყოდნენ მისი ორიენტაციის შესახებ. მეორე დღეს გამოუშვეს და უთხრეს, დაგირეკავთ და სასამართლოზე გამოცხადდიო.

სახლში ავტობუსით დაბრუნდა. პასპორტი აიღო და გაიქცა. არავისთვის არაფერი უთქვამს.

“ვისთან დამეჩივლა? მამაჩემისთვის რომ მეთქვა, თვითონ მომკლავდა. ვკანკალებდი. ყველაფერი დაინგრა. მთელი სამყარო შეიცვალა”.

მაკსატი რუსეთში დაბრუნდა. ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაცია თავშესაფრით, საჭმელითა და ტანსაცმლით დაეხმარა. თუმცა იქ დიდ ხანს ვერ დარჩებოდა. რუსეთში ქვიარ ადამიანისთვის თავშესაფრის მიღება თითქმის შეუძლებელია. აივ ინფექციის გამო კი მას დაუყოვნებლივი დეპორტაცია ემუქრებოდა.

ევროპის ქვეყნებში ვიზის არ ქონის გამო ვერ წავიდოდა. ერთადერთი გზა საქართველო იყო, სადაც უვიზოდ, ერთი წლით შეეძლო დარჩენა.

არასასურველი?

ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში მაკსატმა თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს. პასუხი 6 თვის თავზეც ვერ მიიღო.

საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

2020 წელს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი არავის მინიჭებია, ხოლო უარი 173 უცხოელს უთხრეს.

“მქონია შემთხვევა, რომ 6 თვეში მისცეს თავშესაფარი, ასევე, მქონია შემთხვევა, რომ, მაგალითად, თავშესაფრის მაძიებელი ერაყიდან 2 წელია ელოდება პასუხს. ძალიან გაწელილი პროცესია თავიდან ბოლომდე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქვიარ აქტივისტი ირა სილანთევა, რომელიც ლგბტ მიგრანტებთან მუშაობს.

მიგრაციის საკითხთა კომისიაში მაკსატი ჰომოფობიასაც შეეჩეხა. “ვხედავდი მათი სახის გამომეტყველებას. ქართული არ მესმის, მაგრამ მათი დამცინავი დამოკიდებულება გასაგები იყო”, - ამბობს ის.

სოფელ მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში მაკსატი ფეხით წავიდა, რადგან ტრანსპორტის ფული არ ჰქონდა.

“ძალიან ციოდა. იქ 2-3 დღე გავჩერდი. სიცივის გამო წყალი გაიყინა. ტუალეტი და აბაზანა არ მუშაობდა. მახსოვს, მხოლოდ სამზარეულოში იყო სითბო. მომცეს კილოგრამი მაკარონი, კარაქი, კონსერვი, ლობიო, შაქარი და მარილი. ეს ერთი კვირა უნდა გეყოსო”.

ცუდ პირობებთან ერთად მაკსატმა მარტყოფის თავშესაფარში მტრული, ჰომოფობიური გარემო იგრძნო.

“იქ იყვნენ ჩეჩნები, ოსები. მათ რომ გაეგოთ ჩემი ორიენტაცია… წამოვედი იქედან. ისევ ფეხით”, - ამბობს მაკსატი და განაგრძობს: “Grindr-ზე ვთხოვდი ხალხს დახმარებას. შემდეგ ცოტას მშენებლობაზე ვმუშაობდი, სხვა სამუშაოებსაც ვასრულებდი, არალეგალურად”.

კორონავირუსის გამო საქართველოში კარანტინის დროს, მაკსატი უფასო სასადილოებით სარგებლობდა. ახლა ბინის ქირას, 250 ლარს, მეგობართან იყოფს. ოთახში მხოლოდ საწოლი და გაზია. აივ ინფექციის მედიკამენტებს ქართული ლგბტქ ორგანიზაციის, “თანასწორობის მოძრაობის” დახმარებით იღებს.

“ბევრი რამ გამოვიარე, მაგრამ მთავარი იყო, რომ არავინ მომსდევდა”, - ამბობს მაკსატი და განაგრძობს: “მშვიდად ვცხოვრობდი, სანამ შეტყობინებამ, მუქარამ ყველაფერი არ შეცვალა”.

დაკარგული სიმშვიდე

მაკსატი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ აგვისტოს ბოლოს ტელეგრამზე [საკომუნიკაციო აპლიკაცია], ქართულ ნომერზე შეტყობინება მიიღო მშობლიურ ენაზე, თურქმენულად.

“გამომიგზავნეს სამი ფოტო, რომელზეც ჩანს როგორ ვდგავარ გაჩერებაზე ჩემს საცხოვრებელ სახლთან და დავდივარ. ასევე, ტექსტი - “ცოტა დრო დაგრჩა. არ გეყო? მშობლები მაინც არ გეცოდება?” და კიდევ დამამცირებელი სიტყვები. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო”.

მაკსატი ამბობს, რომ სკრინშოტის გადაღება ვერ მოასწრო, რადგან გამომგზავნმა შეტყობინებები მალევე წაშალა. საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდა. პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან, როგორც ამბობს, მათთან ურთიერთობის შიში აქვს. მუქარის შეტყობინების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურიდან პასპორტი გაიტანა. თავშესაფრის მინიჭებაზე მაკსატის აპლიკაციის განხილვა შეჩერდა.

“არანაირი რეაქცია არ იყო, არანაირი პასუხი. ალბათ, როგორმე ვიმუშავებ არალეგალურად, ცოტა ფულს დავაგროვებ. შეიძლება თურქეთში წავიდე. დახმარების თხოვნაც მრცხვენია. არ ვიცი რა ვქნა.”, - ამბობს მაკსატი.

მაკსატს საქართველოში დარჩენა 2021 წლის თებერვლამდე შეუძლია. თურქმენეთში დაბრუნების შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრება. შიშობს, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ დაუმატოს ახალი ბრალდებებიც - აივ ინფექციის გავრცელება და სამშობლოს მოღალატეობა, რადგან უცხო ქვეყანაში ითხოვა თავშესაფარი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG